ახლა გვთხოვენ იმას, რომ ჩვენ ჩავერიოთ მართლმსაჯულებაში და რაღაცა გზით მივაღწიოთ იმას, რომ ე.წ. პოლიტპატიმარი და მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი რურუა გამოვიდეს ციხიდან და ეს არის პირობად დაყენებული, ანუ რაც წერია შეთანხმებაში იმის საწინააღმდეგოდ პოზიციის შესრულებას გვთხოვენ. ეს ყველაფერი არის თავხედურ პიარზე აგებული. ჩვენ ორივე ნაწილის შესრულებას ვაპირებთ და რაც შეეხება იმ ნაწილს, რაც შეთანხმების მთავარი საკითხი იყო, ვასრულებთ და მესამე მოსმენითაც გავიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„არც ერთ შეხვედრას არ ჩაუვლია ის, რომ პირველ რიგში კონსტიტუციაზე ადრე არ დაეყენებინათ ეს საკითხი და ყველა შეხვედრაზე იღებდნენ ჩვენგან უარს, რომ ჩვენ ამ თემაში პრინციპულად არ ჩავერევით. ჩვენ ბერკეტი ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია და ამიტომ არც და ვერც ჩავერევით. შემდეგ იქ იყო ვაჭრობა 120, 130, 125 და.ა.შ. რაც კი შეიძლებოდა ოდნავ რაციონალური ყოფილიყო ამაზე დავთანხმდით, რადგან ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, იქნებოდა 5 ოლქით მეტი თუ ნაკლები, დავეთანხმეთ ოდნავ რაციონალურს. რეალურად შეთანხმება შედგა ერთ საკითხზე და იქვე იყო საკითხი დაყენებული ბოლო შეხვედრაზე, რომ გავამზადეთ გარკვეული ტექსი და ეს ტექსტი გავავრცელოთ ერთობლივი განცხადების სახით, ამ ტექსტში წერია მართლმსჯულებაში ჩაურევლობა, არანაირი პოლიტპატიმარი ნახსენები არის კი არა, რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მინიშნება არ არის, არის მხოლოდ მართლმსაჯულებაში ჩაურევლობაზე საუბარი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
“იმედინიუსი”