ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო არა ერთი ევროპული ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის 25 ივნისის ანგარიშით, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – 4-სკალიანი რეიტინგული სისტემით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს და პირველ კალათაშია.

ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების – ავსტრიის, საფრანგეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის – გვერდითაა.საქართველო წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (EAP), რომელიც პირველ კალათაში იკავებს ადგილს.

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით შექმნილი ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება. აშშ კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს დებს ამგავრი ღონისძიებების განხორციელებაში.
ანგარიშში დადებითადაა შეფასებული, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენის, ტრეფიკიორთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის გაძლიერება.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლესი ქულით შეფასებული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აფასებს 190-მდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

“იმედინიუსი”