აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან, 12:00 საათიდან შეუძლიათ.

ამისთვის ისინი უნდა შევიდნენ ვებგვერდის online.naec.ge პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს) და უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობასთან ერთად, იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე აღნიშნულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებისა და მისასვლელი მარშრუტების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

 

 

 

 

“იმედინიუსი”