აშშ გერმანიიდან პოლონეთში 2 ათასამდე სამხედროსა და F-16-ის ტიპის 30 გამანადგურებელს გადაისვრის

24 ივნისს თეთრ სახლში აშშ-სა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე გერმანიიდან პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გადასროლა გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ გერმანიიდან პოლონეთში F-16-ის ტიპის 30 გამანადგურებელსა და აშშ-ის არმიის მე-5 კორპუსის სარდლობის შტაბს გადაიტანს.

არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან პოლონეთში ორი ათასამდე ამერიკელი სამხედრო იქნება გადაყვანილი. აშშ-სა და პოლონეთის პრეზიდენტები ასევე მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში ყოფნის პრინციპები დარეგულირდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის განახევრება სურს. საუბარია დაახლოებით 9 500 ამერიკლელი სამხედროს გერმანიიდან გაყვანაზე.

“იმედინიუსი”