ნიუ-იორკის ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე შვიდჯერ დაჭრეს… – რას წერს მსოფლიო ჩემპიონი

ქართველი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე, რომელიც ნიუ-იორკის ციხეში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ საპატიმროში ის შვიდჯერ დაჭრეს და ამის გამო ხუთწლიანი პატიმრობა დაუმატეს. აუდიოჩანაწერი ხურციძის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„რაზეც მდებენ ბრალს, ის გაკეთებული რომც მქონდეს, ამ ციხეში არ უნდა ვიყო. აქ არიან გამოუსწორებელი პატიმრები. აქ დანით დამჭრეს, შვიდჯერ დამარტყეს დანა, რის გამოც ხუთწლიანი პატიმრობა დამიმატეს. ხალხი გაგიჟებულია. თავზე ნაიარევი მემჩნევა, თავი გადახოტრილი მაქვს და ისე დავდივარ. ათი ნაკერი დამადეს. სპეციალურად გადავიხოტრე, რომ მტკიცებულება ყოფილიყო, რათა ეს ყველაფერი ენახათ. მარცხენა მკლავში დარტყმული დანა, მკერდში დარტყმული დანა. განწირული ვიყავი, მაგრამ ვივაჟკაცე და თავი გადავირჩინე. ამბობენ, საკანში რაც ხდება, იმას ვერ ვაკონტროლებთო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა. ეს საქმე მოვიგე. სასამართლო პროცესზე უნდა წარვდგე, რათა ეს ხუთი წელი მომეხსნას“, – ამბობს ხურციძე.

2018 წლის ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების მტკიცებით, ქართველი მოკრივე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას დავალებით მოქმედებდა. შულაიას დაჯგუფებას აშშ-ში ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა.

ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

 

 

“იმედინიუსი”