ქართულ კომერციულ ბანკში განთავსებულ დეპოზიტებს სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს.
პირველი ივლისის შემდეგ კი დაზღვეული დეპოზიტის მოცულობა გასამმაგდება და 15,000 ლარს მიაღწევს.
2019 წლის 12 სექტემბერს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად 2020 წლის პირველი ივლისიდან ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 15 000 ლარამდე გაიზრდება.
სხდომაზე საბჭომ, ასევე, იმსჯელა კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი ყოველთვიური შენატანების ოდენობაზე. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ზღვრის გაზრდის პარალელურად, ეროვნულ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის დაწესებული რეგულარული შენატანის ოდენობა დღეს არსებული ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-დან 0.03%-მდე შემცირდება. ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის რეგულარული შენატანი უცვლელად დაზღვეული მოცულობის 0.1% იქნება.
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში დაემატა იურიდიული პირებიც.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული.
ბანკები დაზღვევის პრემიას ყოველთვიურად იხდიან. სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში გადარიცხული თანხის ოდენობა 1,559,925 ლარს შეადგენდა. ჯამურად, სააგენტოს მიერ ბანკებიდან მიღებული სადაზღვევო პრემია 40 მილიონ ლარს შეადგენს.
საბანკო სექტორში ჯამურად 29.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. აქედან ფიზიკური პირების დეპოზიტები 54%-ს შეადგენს. ამ თანხიდან დეპოზიტების სააგენტოს მიერ 2 მილიარდის პორტფელი არის დაზღვეული, რაც 5000 ლარამდე დეპოზიტების მოცულობას წარმოადგენს. პირველი ივლისიდან კი ლიმიტის 15,000 ლარამდე გაზრდასთან ერთად დაზღვეული პორტფელის მოცულობაც გაიზრდება.
წყარო: report.ge