იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა და “ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისივე თქმით, ცუდია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ხდება.
“ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანეგობრობა,”- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, “დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს” და რურუას გათავისუფლება მაინც მოუწევს.
“დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არ არის შეწყვეტილი პოლიტიკური დევნა. დღეს არის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სიმბოლური დამთხვევაა და ვნახოთ, იქნებ იმ ზეწოლამ,სანქციების შიშმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ დაემუქროს ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ძვრები მოახდინოს მის აზროვნებაში. საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევს გათავისუფლება, რადგან დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. დღეს რაღაც სიჯიუტეს მიმართავენ და ჰგონიათ, რომ ამით სახის შენარჩუნებას ცდილობენ“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.
“ipn”