მთავარია, დაკავებულებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, უბედურება გვეყოფა და ნუ დაგვიმატებენ

შინაგანად მქონდა მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდნენ, ვინაიდან იქ არაერთი პირი მონაწილეობდა მომხდარ დანაშაულში.ახლა მთავარია, ამ პირებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„მე ვთხოვ ყველა მათგანს, აქამდე თუ ისინი იყვნენ პასიურები და არ გვიწყობდნენ ხელს სიმართლის დადგენაში, იქნებ, ვინმე ფლობს რაიმე რეალურ ინფორმაციას გიორგის ეპიზოდთან მიმართებით, რომ ჩვენ გავარკვიოთ ბავშვის დაღუპვის არსებითი და ბოლო მიზეზი, თორემ, რომ არის გამოწვეული წინარე კონფლიქტით და ბავშვი რომ მაგის გამოა დაღუპული, ყველამ ვიცით. ისედაც უბედურება გვეყოფა და ნუ დაგვიმატებენ. სასამართლოს ბოლომდე ვენდობი და მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა. ვერსია არ უნდა არაფერს, კამერებზე ასახულია, რომ ავტომანქანების მოსვლის შემდეგ, როცა ანგარიშსწორების მიზნით ჩამოვიდა ორი დამატებითი ჯგუფი, იქ გიორგი ჩანს ცალსახად. იმას არც ექსპერტი უნდა და ზედმეტი დაკვირვება. ბუნებრივია, ადვოკატები ადამიანებს იცავენ და მათ თავისი ტაქტიკა აქვთ, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

 

 

წყარო:”იმედინიუსი”