სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბიუჯეტის თანხების მითვისების გამო

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მემარჯვენეებისა და ცენტრისტების საპრეზიდენტო კანდიდატს, ფრანსუა ფიიონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბიუჯეტის თანხების მითვისების გამო.

აღსანიშნავია, რომ ფრანსუა ფიიონთან ერთად დამნაშავედ მისი მეუღლე, პენელოპა ფიიონიც ცნეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანსუა ფიიონს ციხეში 2 წლის გატარება მოუწევს. ის ასევე გადაიხდის 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმას და 10 წლის განმავლობაში არჩევით თანამდებობებს ვერ დაიკავებს.

რაც შეეხება მის მეუღლეს, სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა მიუსაჯა.

2018 წლის 22 ივნისს ფრანსუა ფიიონსა და მის მეუღლეს გამოძიებამ ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ბრალი წაუყენა. 2017 წლის იანვარში გამოცემა Le Canard enchaine-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პენელოპა ფიიონი პარლამენტში მეუღლის თანაშემწედ ირიცხებოდა და ამისთვის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა არანაირ რეალურ სამუშაოს არ ასრულებდა. საერთო ჯამში ხელფასის სახით პენელოპა ფიიონმა დაახლოებით 500 ათასი ევრო აიღო.

წყარო: imedinews.ge