ვის აწყობს ის, რაც ამერიკაში ხდება, ვინ დგას ამის უკან და როგორ იმოქმედებს ეს პროცესები ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობაზე?

„ალიას“  ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე ესაუბრება:

– ბატონო სოსო, ამერიკაში ძალიან აირია სიტუაცია. კონფედერატების სურათები ჩამოხსნეს ამერიკის სენატიდან, გენერალ  რობერტ ლის ძეგლი ჩამოაგდეს და კონფედერაციის ჯარისკაცების ძეგლები და კონფედერატთა სხვა სკულპტურული სიმბოლოები აიღეს, ეს პროცესი გრძელდება. სიეტლი დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს…  ეროვნული გვარდია კი არა,  ზოგიერთ ქალაქში, უკვე პოლიციაც აღარ ემორჩილება  პრეზიდენტ ტრამპს. უკვე ბევრი ამბობს, რომ ამერიკა შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს –სამხრეთის და ჩრდილოეთის შტატებად.

– მეც ვკითხულობ „ფეისბუკში“ და საინფორმაციო  სააგენტოებში ამგვარ ინფორმაციებს და ზოგს ჰგონია, რომ ამერიკაში დღეს დაიწყო ასეთი მოვლენები. უარესები ყოფილა.

– თანამედროვე ეპოქაში თუ ყოფილა მსგავსი, თორემ ადრე რომ იყო,  ვიცი.

– თანამედროვე ეპოქაში იყო „შავი ავაზები“, ფერადკანიანების ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც გაანადგურეს. ვიეტნამის ომის შემდგომი პერიოდი გაიხსენე, ქვეყანა ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ამერიკა დაიცალა ახალგაზრდობისგან, ხალხი ჯარში აღარ მიდიოდა, ნახევარი ამერიკა დეზერტირი გახდა და მერე პრეზიდენტმა ფორდმა ამნისტია გამოაცხადა, რომ ამდენი ხალხი, დეზერტირობის ბრალდებით არ დასჯილიყო. ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, კასიუს კლეიმ, რელიგია შეიცვალა, გვარ–სახელიც, მუსულმანი გახდა, მუჰამედ ალი დაირქვა, რომ ჯარში არ წასულიყო. მაშინ, პირველად და ჯერჯერობით, უკანასკნელად, ამერიკის ცნობილ ვესტ–პოინტის სამხედრო აკადემიაში, მიღება არ შედგა, მსურველები არ იყვნენ აკადემიაში სწავლისა. „ვიეტნამის სინდრომმა“ მოიცვა მთელი ქვეყანა, დიდი დეპრესია იყო ქვეყანაში და გადაიტანდა თუ არა ამას ამერიკა, ან როგორ გადაიტანდა, არავინ იცოდა. ვიეტნამის ომმა სერიოზულად შეარყია ამერიკის სახელმწიფოს ფუნდამენტი, მაგრამ ადრეც გითხარი, ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა ისეთი „მტკიცე საშენი მასალით“ ააშენეს ეს ქვეყანა, რომ ამ რყევებს გაუძლო და რაც დღეს ხდება, იმასაც გაუძლებს. საქმე ის არის, რა დანაკარგებით გამოვა ამ კრიზისიდან ამერიკა. რაც ახლა ხდება, ეს რასიზმი არ არის. ამის  მთავარი არგუმენტი ის არის, რომ გამოსვლები და არეულობები ხდება იმ შტატებში, სადაც გუბერნატორები დემოკრატები არიან. გუბერნატორებს ემორჩილება ეროვნული გვარდია და პოლიცია. ტრამპი კი რესპუბლიკელია.  ყველაფერმა მაინც პოლიტიკური ელფერი მიიღო. დემოკრატი გუბერნატორების  მართულ შტატებში აიღეს ძეგლები და მინუმენტები.  სადაც ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები არიან გუბერნატორები, იქ  არ არის გამოსვლები და თუ არის,  მცირე მასშტაბის ცივილიზებული საპროტესტო აქციებია. იცი რა არის? პოლიტკორექტულობა ზოგჯერ მეცნიერების წინააღმდეგ  გამოდის. ბევრი კითხულობს, ფერადკანიანი ახალგაზრდები რატომ არიან მასობრივად გაუნათლებლები ამერიკაში? უამრავი გრანტია მათთვის გამოყოფილი სხვა და სხვა მიმართულებით, რომ ისწავლონ. არ სწავლობენ, ამ გრანტების დიდი ნაწილი აუთვისებელი რჩება. უმუშევრებს  4 000 დოლარი აქვს თვეში დახმარება და  ამას კმაყოფილდებიან. ცოტა შორს მინდა წავიდე. ეგვიპტეში როდესაც პირამიდებს აშენებდნენ, ეგვიპტიდან 150–200 კილომეტრის მანძილზე, სამხრეთით, ბორბალიც ვერ შექმნეს, უბრალო ურმის ბორბალი. დღეს ამაზე  ლაპარაკი არ შეიძლება, რასიზმში ჩაგითვლიან, მაგრამ ეს ხომ ისტორიული ფაქტია? ამას რაღაც მიზეზი ხომ აქვს? ნაცვლად იმისა, რომ ეს მიზეზი შეისწავლონ მეცნიერებმა, მოგდგებიან და ამას თუ იტყვი, რასისტი ხარ. მაგას ვამბობ, ხშირად მეცნიერებს დანის წვერზე უწევთ გავლა, რომ შეინარჩუნონ პოლიტკორექტულობა და არ აღმოჩნდნენ რასიზმის მომხრეები.

– მესმის, მაგრამ ეს თემა რომ გავშალოთ და უფრო შორს წავიდეთ, ზოგადად, შავი და თეთრი რასის გონებრივ შესაძლებლობებს რომ ჩავუღრმავდეთ, ორივეს რასისტებათ შეგვრაცხავენ.

– ზემოთ დასმულ კითხვას უპასუხოს ვინმემ და თუ შემედავებიან, მე იმ სასწავლებლების,  გრანტებისა და კვოტების სიას დავუდებ. ამის საპირისპიროს გეტყვი. ვიეტნამის ომის შემდეგ, ასეულ ათასობით ვიეტნამელი გამოიქცა სამხრეთიდან, კომუნისტური ვიეტნამიდან. პრეზიდენტმა ნიქსონმა მათ ამერიკის მოქალაქეობა მისცა. ვიეტნამელები შეძლებისდაგვარად დასაქმდნენ, მერე პატარა სამრეცხაოები და სხვა ამგვარი ბიზნესები შექმნეს და  ყველამ განათლება მისცა შვილებს. ჯერ ინჟინრები და სხვა და სხვა დარგის ტექნოლოგები გახდნენ, მერე იურისტები და  ექიმები, ბოლოს მაღალი ტექნოლოგიების სასწავლებლებს მოედნენ  და  სფერო არ დარჩა, სადაც დღეს ვიეტნამელები არ იყვნენ წარმოდგენილები. ცნობილი „სილიკონის ველი“ გავიხსენოთ, სადაც უზარმაზარი ფული იშოვეს. ვიეტნამელები, ჩინელები, კორეელები, ძირითადად ეს ხალხი არიან, 25 წლის ახალგაზრდები მილიარდელები გახდნენ. შავკანიანები კი აქაც ცოტანი არიან.

– როგორ უნდა შეაჩეროს ტრამპმა ეს არეულობა?

– ჯარის გამოყენებაზე ჯერ უარს ამბობს ტრამპი და ამის წინააღმდეგია მარკ ესპერი, ამერიკის თავდაცვის მდივანი. სხვა გენერლებიც წინააღმდეგები არიან. ტრამპს ჰყავს თავისი ფანატიკოსი მომხრეები,  „თეთრი ამერიკა“, პროვინციელი ამერიკელები, რომელთაც აქვთ პრინციპი – ამერიკა უპირველეს ყოვლისა! ეს ხალხი არ მიატოვებს   ტრამპს და  ბოლომდე მის გვერდში იქნებიან. მერე ამ მონათმფლობელობის თემას ატრიალებენ  წაღმა უკუღმა და არ იციან, რა და როგორ იყო. ამერიკის პირველ კოლონიზატორებს, ასე ვთქვათ, პირველ ამერიკელებს, მონები არ ჰყოლიათ. პირველად პორტუგალიელებმა დაიწყეს მონათვაჭრობა ამერიკაში, მერე მათ მიჰყვნენ ჰოლანდიელები, ესპანელები… სამხრეთ ამერიკაში ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. გასაგებია, რომ ცუდი იყო ეს მონათმფლობელობა, მაგრამ მარტო ამერიკაში იყო? უამრავ ქვეყანაში იყო.  შემდგომში,  იმ თაობის ყველა გამოჩენილი ამერიკელი პოლიტიკოსი, მონათმფლობელი იყო და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ცხადია. მერე, ლინკოლმა გააუქმა მონათმფლობელობა. ეს ისტორიული მეხსიერება არ წაშლილა მათში და ფიქრობენ, რომ დღესაც ჩაგრავენ თეთრკანიანი ამერიკელები. როგორ შეიძლება რასიზმზე ილაპარაკო, როდესაც პრეზიდენტი ჰყავდათ ბარაკ ობამა და კონგრესი და სენატი სავსეა ფერადკანიანებით, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში არიან ისინი მაღალ პოსტებზე წარმოდგენილნი. 13% შავკანიანი ცხოვრობს ამერიკაში, მეტნი არ არიან და ვფიქრობ, ამ მხრივ დაჩაგრულები არ არიან და თუ ფიქრობენ, რომ მეტი ეკუთვნით და არ აქვთ, ეს მათი ბრალია. ისწავლონ და გაიკეთონ კარიერა. იცი, ამ აფროამერიკელებს, როგორც მათ უწოდებენ, რამხელა შეღავათები აქვთ, გარდა იმ გრანტებისა და კვოტებისა, რაც გითხარი? ძალიან  ბევრი, მაგრამ ყველას ვერ იყენებენ იმიტომ, რომ  უმაღლესი განათლება არ აქვს ძალიან ბევრს და ეს თეთრკანიანების ბრალი მართლა არ არის. პირიქით, თეთრკანიანებმა დაუწესეს ეს შეღავათები, შავებს აქვთ, თეთრებს არა და ამ მხრივ თუ დისკრიმინაციაზე ვილაპარაკებთ, სწორედ თეთრკანიანები არიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ჯორჯ ფლოიდისგან გმირი შექმნეს. ორ სკოლაში უკვე დაარსდა მისი სახელობის სტიპენდია. მას, ვატყობ, შეიტანენ ამერიკის სკოლების სასწავლო პროგრამაში. არც ეს გამიკვირდება. ვინ იყო ფლოიდი? 5 წელი ძარცვისთვის იჯდა, მერე ნარკომანი იყო და ყალბი ჩეკების განაღდებისთვის დაიჭირა პოლიციამ. კი, მოკლეს, გასაგებია, პოლიციამ გადაამეტა უფლებამოსილებას და 30 წლიანი ციხე ელოდება მას, მაგრამ გმირად არ უნდა აქციონ ფლოიდი. დღეს ფლოიდის ბიოგრაფია მთელმა მსოფლიომ იცის, ამერიკელებზე აღარ ვამბობ.

რას ეუბნებიან ამით? იყავი მძარცველი, მერე ნარკომანი და თუ მორიგი კრიმინალის ჩადენისას პოლიცია ძალას გადაამატებს და მოკვდები, გახდები გმირი. თუ არ მოკვდები და გახდები წამებული. ეს არის მათი მორალი? და რატომ არ არიან გმირები ის თეთრკანიანები, რომელთაც კრიმინალთან შეხება არ ჰქონიათ, მთელი ცხოვრება პატიოსნად იცხოვრეს და პოლიციის ძალადობის  მსხვერპლნი გახდნენ?  დავუშვათ, პოლიციას კრიმინალში შეეშალა, ესროლა და მოკლა? ამგვარი ფაქტები ბევრი ყოფილა, სრულიად უდანაშაულო, კანონმორჩილი თეთრკანიანი  მოქალაქე რომ მოუკლავთ პოლიციელებს.  ფლოიდის ბიოგრაფიას თაობები დაიმახსოვრებენ და მერე, ვისაც მის სტიპენდიებს მისცემენ, რა უნდა თქვან? ვინ იყო ის კაცი, ვისი სტიპიენდიაც მიიღეს? კრიმინალი, მძარცველი, რომელიც პოლიციამ ძალის გადამეტებისას მოკლა? განზრახ არ მოუკლავს შავი ფერის გამო  და ეს გმირობაა? მე ვიცი, რომ გმირის ცხოვრება მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის  და ფლოიდის ცხოვრებიდან ერთი მონაკვეთი მითხრან, როდესაც ის მისაბაძი უნდა  იყოს თაობებისთვის.

ჯერ ადრეა, რომ ტრამპს ვინმემ წირვა გამოუყვანოს და მით უმეტეს, უსაფუძვლო და სრული ფანტაზიაა  იმაზე ლაპარაკი, რომ ამერიკა გაიყოს ჩრდილოეთად და სამხრეთად. სეპარატიზმისთვის ამერიკაში უმკაცრესი კანონებია – 99 წელი ციხე და 100 000 $ ჯარიმა. ეს 100 000$ რა მოსატანია 99 წლიან ციხესთან? ამერიკელებს აქვთ ასეთი უცნაური კანონები. თუ სეპერატიზმზე და ამერიკიდან შტატების გამოყოფაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ფლორიდა, ტეხასი, რაც კანადას წაართვეს თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობისას და მერე, ეს შტატები უნდა ითხოვდნენ ამერიკისგან გამოყოფას. რეალურად კი, არც ერთი შტატი გამსვლელი არ არის ფედერალური სახელმწიფოდან . ჰავაის კუნძულები აქეთ ეხვეწება ამერიკას, რომ შტატად მიიღოს. აქ ძალიან სიღრმისეულად უნდა იცოდე ყველაფერი, ამერიკის ისტორია და კანონმდებლობა, სწორი დასკვნები რომ გააკეთო და  მართებული, სიმართლესთან ახლოს მდგომი  ვარაუდები გამოთქვა. ჩვენთან საზოგადოებამ იცის, დღეს რაც ხდება. რაც იყო, საიდან რა მოდის, ეს არ იციან, მეცნიერების სრული დეგრადაციაა. გუშინ გამოცდები მქონდა და მთელი ღამე ვერ დავიძინე  ნერვიულობისგან. უვიცი, უწიგნური თაობა მოდის, ყველა არა, მაგრამ უმეტესობა.

– ეს მარტო ჟურნალისტების ბრალი არ არის. ექსპერტებიც  არ არიან, რომელთაც მოიწვევენ და ამერიკაში მიმდინარე პროცესებს გაშლიან, ამერიკის ისტორიის კონტექსტში განიხილავენ დღევანდელ მოვლენებს. შესაძლოა, რამდენიმე კაცია, ვინც ამერიკის ისტორია, ამერიკის პოლიტიკური ისტორია ბრწყინვალედ იცის, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. სიმართლე გითხრათ, მეცოდებიან ჩემი კოლეგები და მათი რესპონდენტები. უკვე ერთი თვეა, ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ.

– კი, ტრამპი და ბაიდენი, რესპუბლიკელები და დემოკრატები, იმის იქით არ მიდიან. იტყვის რაღაცას ტრამპი და ააგებენ ამაზე მთელ პოლიტიკას. კაციშვილი არ ამბობს ჩვენთან, რატომ გახდა  გახდა შესაძლებელი ტრამპი, ეს ანტილიბერალი, კონსერვატორი გამხდარიყო პრეზიდენტი. ან რატომ გახდა შესაძლებელი, შავკანიანი ობამა გამხდარიყო პრეზიდენტი, როდესაც ამერიკის მხოლოდ 13% არის შავკანიანი. რა ისტორიული  საფუძვლები აქვს სამხრეთ შტატებში კონფედერატების აქტიურობას. ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ მთქმელი მართლა არავინ არის.

– ვის და რაში აწყობს ის, რაც ამერიკაში ხდება? ვინ დგას ამის უკან? ვინ მართავს ამ პროცესებს?

– პოლიტიკოსები დგანან, ეს ცხადია. ისიც ცხადია, რომ ეს ამბები შავკანიანთა უფლებების დასაცავად არ ხდება და ვინც მათ აქეზებს, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიფა“, საკუთარ საქმეს აკეთებენ. ისიც ნაღდია, რომ ყველა აფროამერიკელი კრიმინალი არ არის, როგორც ზოგიერთი ამის წარმოჩენას ცდილობს, ყველა მარბიელი  და მძარცველი არ არის. ბევრი მიდის იმ აქციებზე პატიოსნად და საღამოს სახლში ბრუნდება, არ მოროდიორობს და არ ძარცვავენ სავაჭრო ობიექტებს. უკანასკნელ 50 წელს თვალი რომ გადავავლოთ, მრავალი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თეთრკანიან პოლიციელს მოუკლავს შავკანიანი და მსგავსი არეულობები მომხდარა. საპრეზიდენტო არჩევნები კი ჰორიზონტზეც არ ყოფილა. შესაბამისად, მარტო საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში ვერ გავნიხილავთ ამ ამბებს. ვერ ვხედავ იმას, რომ ამ ამბების უკან დგას პოლიტიკოსთა ჯგუფი და მართავს პროცესებს. ასეც არ არის. კი, პოლიტიკოსები ამ პროცესებიდან სარგებელს ელიან, ცხადია, დემოკრატები, მაგრამ პროცესებს ვერც ისინი მართავენ. ეს არის უმართავი პროცესები, ეს სტიქიაა და ყველაზე საშიში ეს არის. შეთქმულების თეორიას ყველგან ვეძებთ. აბა, ვის აძლევ ეს ყველაფერი  ხელს, ვინ მართავს ამ ყველაფერს, ვინ სარგებლობს ამით… კი, არჩევნები ახლოს არის, ჯო ბაიდენი მივიდა ფლოიდის პანაშვიდზე და მუხლებზე დაიჩოქა.

არადა, კორონავირუსის გამო სახლში იყო გამოკეტილი და შიშით აქამდე არ გამოჩენილა, ქუჩაში არ გამოსულა. დაემთხვა ეს ამბები არჩევნებს და ამას გამოიყენებს ბაიდენი, მიიმხრობს ამით შავკანიანებს და ლიბერალები ხომ ისედაც მაგისი ამომრჩეველები იყვნენ. ამით  ტრამპის მომხრეები, რადიკალ–კონსერვატორები, პატრიოტები, რომლებიც პასიურები იყვნენ, არჩევნებზე მისვლას არ აპირებდნენ, უფრო აქტიურები გახდნენ, უფრო მობილიზებულნი. ტრამპმა ამ ამბებით დაკარგა და შეიძინა კიდეც. რა დაკარგა და რა შეიძინა, ამას არჩევნების შედეგები გვიჩვენებს. ამერიკაში თითქოს ციკლისებურად ხდება ამგვარი ამბები. პირველად სამოქალაქო ომის დროს გაითიშა ამერიკა. ოჯახური ტრაგედიები იყო, და ძმას არ ელაპარაკებოდა, ერთი სამხრეთელების მომხრე იყო, მეორე – ჩრდილოელებისა. შემდეგ კიდევ იყო ასეთი ამბები. მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა, ვიეტნამის ომი, „შავი ავაზების“ მოძრაობა, მათი ტერორისტებად გამოცხადება და ლიკვიდაცია… ესეთი ამბები დრო და დრო ხდება, მერე ჩაწყნარდება.

თუმცა, ამ ტალღებს მოჰყვება ხოლმე შავკანიანთა უფლებების გაზრდა, სოციალური დახმარებისა და გრანტების გაზრდა, რეფორმები მათდა საკეთილდღეოდ. ახლაც ასე მოხდება. ამერიკას ამის რესურსი მუდამ აქვს და ახლაც გამოიყენებს ამ რესურსებს. მოკლედ, ამერიკა ხვალ–ზეგ დაიშლებაო, წინასწარ  რომ ზეიმობენ, ეგ ხალხი რუსული, ჩინური, ამერიკის მიმართ არაკეთილგანწყობილი ქვეყნების პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. არ დაიშლება ამერიკა, ჩვენ თავს მივხედოთ, ჩვენ არ დავიშალოთ ამერიკის  დაშლის მოლოდინში. მთავარი ის არის, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე ამერიკასთან მიმართებაში. ეს მადარდებს ყველაზე მეტად.

“ალია”