საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ორშაბათიდან კიდევ რამდენიმე ბიზნესსაქმიანობა იქნება დაშვებული.
როგორც ნათია თუნრავამ აღნიშნა, ეს არის საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების, სხვადასხვა ორგანიზაციების ეგიდით მოთხოვნა იყო ტრენინგების, კონფერენციების, სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების ჩატარების. ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი.
ეს მოხდება წესების დაცვით. ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე იქნება გამოქვეყნებული. უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, რომ ერთი მხრივ, არ შეწყდეს ტრენინგპროგრამები, მეორე მხრივ, დავეხმაროთ სასტუმროებს, რომ მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც არის მნიშვნელოვანი, მოხდება წესების დაცვით. გვრჩება კიდევ გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობები შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემაა.
ეს არის ფიტნესცენტრები, ეს არის აუზები, შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ ამ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლის დაცვით.
ამ ეტაპზე, ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე” – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო: bfm.ge