ინტერვიუ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ავთანდილ ასათიანთან

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც სათავეში წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი უდგას, პანდემიის დროს სხვა სპორტის სახეობებთან ერთად იძულებითი ტაიმ-აუტი აიღო.

ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა ნაკრების თავკაცს და ინტერვიუ სთხოვა.

– რამდენად დაეტყო ქართულ ფუტსალს კოვიდ19 -ის პანდემია ?

– მოვლენამ საკმაოდ უკან დახია ნებისმიერი სპორტის სახეობა და ის ჩვენც შეგვეხო. ამხანაგური თამაშები გვქონდა დაგეგმილი აპრილში. საკუთარ კედლებში ნორვეგიას უნდა შევხვედროდით, ხოლო კიშინიოვში მოლდოვასთან უნდა გვეთამაშა. სამომავლო გეგმაზე ვმუშაობ და ყველაფერი რეალურად თავიდან დასაწყებია.

– გეგმავთ თუ არა შეკრებებს ?

– სექტემბერში ამხანაგური თამაშები გვაქვს დაგეგმილი. საერთაშორისო რეისები იმედია მანამდე განახლდება. ვინიცობაა და არ აღდგა საჰაერო ტრანსპორტი, გეგმაც გვაქვს – საქართველოში შევიკრიბებით, თუ ამას რეგულაცია არ შეეწინააღმდეგება.

– თუ აპირებთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობის ახალგაზრდებით გადახალისებას ?

– ეროვნულ ჩემპიონატში გამოჩნდა რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშე და აუცილებლად მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. მოგეხსენებათ 6 დეკემბერს ევროშესარჩევი ციკლი იწყება და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ახალგაზრდებს მუდამ ექნებათ საკუთარი შესაძლებლობა წარმოაჩინონ.

– როდის ჩათვლით, რომ მიზანს მიაღწიეთ როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ?

– თუ გავალთ ევროპის ან მსოფლიოს დასკვნით ეტაპზე, ეს იქნება უდიდესი წარმატება მთლიანად საქართველოსი … წარმოიდგინეთ და იქაც შეიძლება სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ გრანდებს.

სხვათაშორის გრანდებთან წარმატების დიდოსტატი მწვრთნელი სწორედ ასათიანია. მას გასვლაზე პორტუგალია ყავს დამარცხებული 4:2, ხოლო თბილისში იტალიასთან 2:2 ნათამაშები.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ასათიანის შეგირდებმა ჯამში 39 თამაში გამართეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია: 24 მოგება, 7 წაგება, 8 ფრე ! საინტერესოა რომ აღნიშნულ შეხვედრებში 135 გოლი ეროვნულმა ნაკრებმა გაიტანა და 70 მიიღო.

ბექა კვიციანი