“მთის წყალი” ქართული ბაზრის ლიდერი გახდება – თემურ ჭყონია სასმელ მტკნარ წყალს 15 ივლისიდან გამოუშვებს ქსელში

“მტკნარი წყალი, რომლის სახელწოდება „მთის წყალი“ იქნება დაახლოებით ორ კვირაში, 15 ივლისამდე გამოვა” ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

“საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ქსელთან და სავაჭრო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები უკვე ფორმდება, ჩვენი სადისტრიბუციო სისტემა, რომელიც ყველაზე გამართულია საქართველოში, 15 ივლისიდან „მთის წყალს“ მთელ საქართველოს მიაწოდებს. მტკნარი წყალი ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან ბოთლებში გაიყიდება.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნიშანი „მთის წყალი“ „კოკა-კოლას“ პორტფელშია რეგისტრირებული, ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” არ ეკუთვნის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვემზადებით რომ „კოკა-კოლას“ მსოფლიო ქსელში, იქ სადაც ფასებით და ტრანსპორტირებით მოვერგებით ყველგან შევიდეთ, შესაბამისად, ექსპორტზეც უდავოდ გავალთ” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

კითხვაზე, რამდენად გაუწევს კონკურენციას ბაზარზე არსებულ მტკნარ წყლებს, მაგალითად „ბაკურიანსა“ და „სნოს“ ახალი პროდუქცია, ბიზნესმენი პასუხობს, რომ „ჩვენ როგორც ყოველთვის ყველაფერში ბაზარზე ლიდერები ვიქნებით“.

თემურ ჭყონიამ, ნატახტარში, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია 2019 წელს შეიძინა. ახალ ბრენდში 3 200 მლნ. ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

წყარო: commersant.ge