ბორის ჯონსონი ისრაელს მოუწოდებს, არ განახორციელოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ისრაელს მოუწოდებს, არ განახორციელოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსია.

 

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოფიციალური ლონდონი 1967 წლის ხაზის ცვლილებებს არ აღიარებს.

„ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. ეს ასევე იქნება საჩუქარი მათთვის, ვისაც ისრაელის შესახებ ძველი ამბების უკვდავყოფა სურს. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ანექსია არ მოხდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსია პირველ ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ თქვა, რომ პირველ ივლისს ანექსიის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა.

“1 არხი”