თურქეთი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას, აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით, აკრიტიკებს. იუწყება თურქული სააგენტო Anadolu.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ თურქეთი შოკირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აია სოფიასთან დაკავშირებით.
“აია სოფია, რომელიც ჩვენს მიწაზე მდებარეობს, თურქეთის საკუთრებაა, როგორც ყველა ჩვენი კულტურული ქონება. თურქეთი იცავს თავის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის აია სოფიას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურისა და ისტორიის ტოლერანტობის ტრადიციის ფარგლებში” – განაცხადა ჰამი აკსოიმ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აია სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არის თურქეთის შიდა საქმე, როგორც თურქეთის სუვერენული უფლებების ნაწილი.
“ბუნებრივია, ყველას აქვს თავისუფალი მოსაზრების გამოხატვის საშუალება, თუმცა როდესაც საქმე ჩვენს სუვერენულ უფლებებს ეხება, მიუღებელია ისეთი სიტყვებით საუბარი, როგორიცაა “მოგიწოდებთ” ან “მოვითხოვთ” – დასძინეს თურქთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა თურქეთს, სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარი შეინარჩუნოს, როგორც მუზეუმი და მეჩეთად არ გადააკეთოს.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.
29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.
წყარო: ghn.ge