ვირუსის მასობრივი ცირკულაცია საზოგადოებაში არ ხდება

გაზრდილი ტესტირების ფონზე ახალი შემთხვევები ერთეულებში ნიშნავს, რომ ვირუსის მასიური ცირკულაცია საზოგადოებაში არ ხდება, – ამის შესახებ „პირველი არხის“ ეთერში კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

„ვერ ვიტყვი რომ საზღვრების გახსნა ეპიდსიტუაციას არევს იმ შემთხვევაში, თუ ყველა უსაფრთხოების ღონისძება, რაც ვიცით დაცული იქნება “, – განაცხადა კალოიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 943 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 821, გარდაცვლილი – 15.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”