ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი სამუშაო დროის რეგულირებაზე პარლამენტმა ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სამუშაო დროის დარეგულირებას ეხებოდა.

კანონპროექტი დასაქმებულთა სამუშაო დროის, დასვენების დროისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხების მკაცრად დარეგულირებას ეხებოდა.

ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში შრომით ურთიერთობებში არსებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას, თავისუფლებას და ხშირ შემთხვევაში დამსაქმებულს მისცა შესაძლებლობა, შრომითი ექპსლუატაცია გაუწიოს დასაქმებულებს.

“რამდენადაც ქვეყანას დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული აქვს ვალდებულებები, მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ამ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას ემსახურება. ძალიან გახშირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, რომლის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სწორედ გადაჭარბებული, არარეგულირებადი სამუშო დროა, საჭიროა წარმოდგენილი ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება, რითაც, ერთი მხრივ, მოხდება დასაქმებულთა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა და, მეორე მხრივ, ისინი შეძლებენ შესრულებული სამუშაოს გარკვეულწილად ადეკვატური ანაზღაურების მიღებას იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელი ვეღარ შეძლებს თავი აარიდოს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კანონპროექტს პირველი მოსმენით დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მას მხარი მხოლოდ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა.

მანამდე, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა.

 

“ნეტგაზეთი”