ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლიდან დიზელის ხარისხის ევრო 4 სტანდარტამდე გაიზარდა, ხოლო 2021 წლიდან კი ევრო 5 ნორმას გაუტოლდება. წესით, დადგენილება ძალაში 2020 წლიდან უნდა შესულიყო, თუმცა სექტორის წარმომადგენელთა და ბიზნეს გაერთიანებების მოთხოვნის საფუძველზე 1 წლით გადავადდა. მოსალოდნელი ცვლილებით, დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ის გახდება ევრო 5-ის შესაბამისი, კერძოდ, მასში გოგირდის შემცველობა იქნება არაუმეტეს 10 მგ/კგ-სა;
ბენზინის დიზელის საწვავთან დაკავშირებით მოქმედებს დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბენზინის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ; ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%; გოგირდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არაუმეტეს 10 მგ/კგ-ს შეადგენს, არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 35%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება დიზელს, მოქმედი კანონმდებლობით, მის შემადგენლობაში ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ; სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%. ეს არის ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისი.
სულ რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის სამინისტრომ რამოდენიმეჯერ განახორციელა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი და მათივე მონაცემით, 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას, ხოლო 1 ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც. ამასთან, 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორტა კავშირის ინფორმაციით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით კანონდარღვევის შემთხვევაში, როდესაც ის არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ჯარიმა შეადგენს: ავტოგასამართი სადგურის შემთხვევაში – 8 ათას ლარს, იმპორტის განხორციელების დროს – 10 000 ლარს, გადამუშავების დროს – 9 000 ლარს.
წყარო: commersant.ge