საქართველოს დედაქალაქიდან ავიაფრენები ისრაელისა და ევროპის ოთხი ქვეყნის მიმართულებით განხორციელდება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ივლისში დაგეგმილი ფრენების განრიგი გამოაქვეყნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო.
საქართველო 1 ივლისიდან კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს გახსნის, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას 1 აგვისტომდე არ გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.
საქართველოდან ისრაელის მიმართულების პირველი რეისი 2 ივლისს განხორციელდება. გარდა ამისა, ფრენები დაგეგმილია ევროპის ქალაქებშიც. მთლიანობაში, ამ თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგი ასეთია:
გუშინ ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, ვისზეც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრის გახსნის რეკომენდაცია ეძლევათ. საქართველომ, თავის მხრივ, საერთაშორისო ავიამიმოსვლის გახსნა 1 აგვისტომდე გადადო. მიზეზი – იმ ქვეყნებში შექმნილი ეპიდვითარებაა, საიდანაც საქართველო ტურისტების ნაკადს ელოდება.
ტურისტული სფერო კორონავირუსის შედეგად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა, რამდენადაც ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტში საზღვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაკეტა.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 795, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკ-ჯორჯია”