როცა “ქოცების” შსს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულს არ აღიარებს…

2011 წლის 26 მაისის მიტინგზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა, აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ბასის სატელევიზიო ეთერში გაცემული სანქციით, უმოწყალოდ დაარბია, მოქალაქე მიხეილ აფციაურიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ახალგაზრდა კაცს მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რეჟიმის ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ იგი დაზარალებულად სცნო კიდეც. ამ აღიარების საფუძველზე, აფციაურმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი და, ადვოკატ ლაშა გოლუბიანის დახმარებით, საქმე მოიგო – მოსამართლემ დაავალდებულა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მორალური ზიანის გამო ფულადი კომპენსაცია, 5 ათასი ლარის ოდენობით, გადაუხადოს დაზარალებულ მოქალაქეს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან 1 თვის მანძილზე შსს-ს “გონივრული ვადა” – უფლება და საშუალება ჰქონდა, ნებაყოფლობით გადაეხადა დაზარალებული, უკანონოდ და უსამართლოდ ნატანჯი ადამიანისთვის კომპენსაცია, მაგრამ ეს არ გააკეთა. სააღსრულებო ბიუროს მოუწია, ეროვნული ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს თანხა იძულების წესით ჩამოეჭრა. ახლა კომპენსაცია აღმასრულებელს აქვს და ის აჭიანურებს მის გაცემას. თუმცა, იმედია, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება.

მთავარი ამ ისტორიაში სულ სხვა რამ არის. კერძოდ, დააკვირდით – სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ “მებრძოლი” დღევანდელი ხელისუფლება, გამოდის, რომ არ აღიარებს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. რატომ დასჭირდა აფციაურს სასამართლოში სარჩელის შეტანა? პროკურატურამ იგი დაზარალებულად აღიარა, ეს უკვე საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო, წესით და რიგით, რომ შსს-ს კომპენსაცია ნებაყოფლობით გადაეხადა, გონივრულ თანხაზე მორიგებოდა ამ და სხვა დაზარალებულებსაც. ლოგიკურად ასეა, თუკი სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავეა და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა, მაშინ დაზარალებულებს სააკაშვილის საპირისპირო – ჰუმანური და სამართლიანი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სასამართლოში სარჩელების ფრიალი არ უნდა დასჭირებოდა. ხელისუფლებას თავად უნდა გამოეჩინა კეთილი ნება და შსს იქნებოდა ეს თუ მთავრობა, შეექმნა კომპენსაციების ფონდი, რომელიც ყველა დაზარალებულს შეძლებისდაგვარად, დააკმაყოფილებდა. სადავო მხოლოდ თანხის რაოდენობა თუ იქნებოდა და არა პრინციპი, რომ შსს ვალდებულია, გადაიხადოს კომპენსაცია!

დიახ, ახლა მთლიანად პრინციპია სადავო – დღევანდელი, გომელაურის შსს არ აღიარებს დამნაშავედ წინა რეჟიმის შსს-ს ხელმძღვანელობას, თორემ სხვა მიზეზი, უარი თქვას კომპენსაციის გადახდაზე, დაზარალებულს ედავოს სასამართლოში და შემდეგ უკვე სასამართლოს მიერ დაკისრებული მიზერული თანხა არ გადაიხადოს, უბრალოდ არ არსებობს. სარჩელი მ. აფციაურმა ჯერ კიდევ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შეიტანა და სამინისტრო მოპასუხედ დაუდგა მას, ამიტომ, პრობლემა პიროვნულად გომელაურსა და გახარიაში არ არის, არამედ იმ სისტემურ სიმახინჯეშია, რომელიც თავს მოახვიეს ამერიკელებმა საქართველოს და რომელსაც “კოჰაბიტაცია” ჰქვია.

ან ჯერ 5 ათასი ლარი რა მორალური ზარალის ანაზღაურებაა, თავად ამერიკაში სასამართლოები დრაკონულ ჯარიმებს აწესებენ, მსგავს შემთხვევებში, მილიონობით დოლარის ოდენობით.  თანაც, აფციაურის საქმის შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მიერ გაწეული ხარჯები ჯამნრთელობის გაუმჯობესების მიზნით. ეს 5 ათასი ლარი, რეალურად, ამ ხარჯებს ნაწილობრივ ფარავს და სინამდვილეში მორალური კომპენსაცია არ არის, არამედ რაღაც მცირედი ფულადი “შემოწირულობა”. შსს, რომელიც თავისი ბიუჯეტის ორ მესამედზე მეტს მოქალაქეებზე დაწესებული სხვადასხვა ჯარიმების სახით ავსებს, არ უნდა იყოს ასე “მომჭირნე” თავისი მიზეზით დაზარალებული ქართველი ადამიანებისათვის კომპენასაციების გადახდის საკითხში.

მაგრამ, ვიმეორებთ, მთავარი მაინც პრინციპია. ეს ასეა დაზარალებულისთვისაც, რომელსაც გული იმაზე სტკივა, რომ თავისი საქციელით შსს დამნაშავე ახალაიების პოზიციაზე დგას, იმ სადისტურ რეჟიმს უცხადებს მორალურ სოლიდარობას!

შეიძლება, ვინმე შემოგვედავოს – რა გინდათ, პროკურატურამ ხომ აღიარა აფციაური, და არა მარტო იგი, დაზარალებულადო… კი ბატონო, მაგრამ ეს აღიარება იყო უშუალოდ რეჟიმის ცვლილების შემდეგ, 2013 წელს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული ახალი მთავრობის პრიორიტეტები და იმედი არსებობდა, რომ ესენი “ნაცებს”, როგორც დამნაშავე რეჟიმს, გაასამართლებენ! ეს გარემოება რომ არა, არც პროკურატურის მიერ აღიარებული დაზარალებულები გვეყოლებოდნენ…

ასეთი მთავრობა, რომლის შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალურად წინა რეჟიმის სულისკვეთების გამზიარებელია, რამდენად არის სააკაშვილის დამპატიმრებელი? ან რას უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, “ქოცების” გამარჯვების შემთხვევაში? პასუხი ნათელია: “ქოცების” გამარჯვება იგივე “ნაცების” გამარჯვება იქნება!!

 

ალექსანდრე პაპავა