ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით სვანეთში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი, 72 საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“რეგინფო”