ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვეტო დაადო კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა G1 ავრცელებს.
კანონი ასევე ითვალისწინებდა პირბადის სავალდებულო ტარებას სახელმწიფო უწყებებში და კომერციულ, სამრეწველო და რელიგიურ დაწესებულებებში. კანონის მიხედვით, ამ დაწესებულებებს მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის პირბადეები უფასოდ უნდა დაერიგებინათ.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში სულ კორონავირუსის 1 539 081 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 63 174 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედი”