დმანისში 20 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დუნუსში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 28 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა ნაცნობს, 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ის დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“რეგინფო”