ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
1-ელ ივლისს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ „რემდესივირის“ 500 000 დოზა შეიძინა. მათ კომპანია „გილეადთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმეს, რის შედეგადაც ივლისში კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის 100%-ს აშშ-ში გამოიყენებენ.
საინტერესოა “რემდესივირის” ფასი – თითქმის 400 აშშ დოლარი ერთი ფლაკონისთვის, მკურნალობის კურსი კი ევროპელთათვის ჯამში 2300 დოლარი ღირს.
არადა, “რემდესივირი” აშკარად გადაფასებულია და მისი ეფექტურობა საეჭვოა. კრიტიკა, პირველ რიგში, ისევ ევროპაში ისმის – პროფესიონალებისგან. აი რა განაცხადა გერმანიის ექიმთა გაერთიანების სამედიკამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, ვოლფ-დიტერ ლუდვიგმა:
“ევროკომისიამ ძალზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ გასარკვევია, ნამდვილად თუ ხერხდება პრეპარატის საშუალებით სიკვდილიანობის შეჩერება. გაცემულ ნებართვას საფუძვლად უდევს ერთადერთი კვლევა, რომელიც ბოლომდე არ არის შეფასებული. არსებობს საშიშროება, რომ პაციენტების მკურნალობა ‘რემდესივირით’ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე განხორციელდება. კვლევის საიმედო შედეგების გარეშე ვერ გამოვრიცხავთ, რომ ‘რემდესივირი’ წარმოადგენს გაუმართლებელ ‘ჰიპს’ – სარეკლამო პროდუქტს“.
სწორედ ამიტომ რუსეთში არ ენდობიან ამერიკულ წამალს, განსხვავებით ჩვენი “გმირი ექიმებისგან”, რომლებსაც ‘რემდესივირი’ უკვდავების წყალი ჰგონიათ და მზად არიან, ამერიკას ეხვეწონ ამ პრეპარატის მოწოდებას. რუსეთში არსებობს მკურნალობის სხვა სქემები და სხვა ანტივირუსული წამლები, რომლებიც რიბონუკლეინურმჟავიან ვირუსებზე ზემოქმედებენ. რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ჯანდაცვის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა ლარისა პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ვირუსის დასასუსტებლად რუსი ექიმები, პირველ რიგში, “ფავიპირავირს”, აგრეთვე “ლოპინავირისა” და “რიტონავირის” კომბინაციებს იყენებენ. ამიტომ, რუსეთს არანაირი საჭიროება არ აქვს, გამოიყენოს “რემდესივირი” – ასკვნის სპეციალისტი.