ბოლო თვეებში ბრიტანეთის პრინცებს ჰარისა და უილიამს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ Fox News იუწყება.
ტელეარხის მთავარი რედაქტორი ნიკ ბულენი აცხადებს, რომ ძმები შერიგდნენ. ბულენი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, ძმები Zoom-ის მეშვეობით რეგულარულად საუბრობენ.
„ვფიქრობ, რომ კორონავირუსის კარანტინის დროს ძმები დაფიქრდნენ, რა არის მათთვის რეალურად მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ბულენი.
მისი თქმით, ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლა უილიამს ეწყინა. როდესაც ჰარი გადაწყვეტილებას იღებდა უილიამს ხისტი პოზიცია ჰქონდა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.
“იმედი”