ნახევარფაბრიკატების ბრენდი „რერა“ ივლისში წარმოებას აფართოებს

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი ბრენდი „რერა“ ახალ საწარმოს ივლისში გახსნის.

 

როგორც კომპანიის  გაყიდვების მენეჯერი ნიკა ლომიძე განმარტავს, ბაზარზე არსებული  დიდი მოთხოვნის გამო, აუცილებელი გახდა წარმოების გაფართოება.  „რერა“ ესაა ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია G&A- ს ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხს მიეკუთვნება. ახალი საწარმოს გახსნის შემდგომ კომპანია 350-400 ტონამდე ნახევარფაბრიკატების წარმოებას შეძლებს.

„გაფართოების იდეა წამოვიდა იქიდან, რომ პანდემიამდე ჩვენმა გაყიდვებმა გაასწრო  წარმოების შესაძლებლობებს. დაახლოებით 90-იდან 100 ტონამდე ნახევარფაბრიკატებს ვაწარმოებდით და რეალიზაციას ვახდენდით, შემდეგ დადგა საჭიროება წარმოების გაზრდის. ამიტომ, ავაშენეთ ახალი საწარმო, სადაც მასშტაბი არის დაახლოებით 350-დან 400 ტონამდე.  1 მილიონის ღირებულების ადგილობრივ პროდუქტს ვყიდულობდით წარმოებისთვის, ეს მაჩვენებელიც  გაიზრდება.  ახალი საწარმოს მშენებლობაში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დავხარჯეთ. საწარმო ივნისში უნდა გახსნილიყო, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პროცესები გაიწელა. ივლისში ქარხანას გავხსნით, რადგან  ყველა დანადგარი მიღებული და დამონტაჟებულია,“ – განმარტა ნიკა ლომიძემ.

როგორც ლომიძე აღნიშნავს,  პანდემიის დროს კომპანიამ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი ბრენდი  „შინდა“-ს დამატება, რომელიც გაყინული ხორცპროდუქტების დაფასოებული ვარიაციაა და გათვლილია დაბალფასიან სეგმენტზე.

 

„პანდემიის დროს წარმოება არ გაგვიჩერებია, შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. იყო პერიოდი, როდესაც დისტანციურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა და იყო პერიოდი, როცა საჭირო რაოდენობის შეკვეთები არ მოდიოდა. თუმცა, ყველა თანამშრომელი იღებდა სრულ ანაზღაურებას.

„შინდა“ ეს ახალი ბრენდია და კრიზისის ფონზე გაჩნდა მისის შექმნის იდეა. გვინდოდა, რომ მომხმარებლისთვის, ვისაც  არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იყიდოს  პრემიუმ ხაზი,  შეგვეთავაზებინა დაბალფასიანი პროდუქტი,“ – აღნიშნავს „რერა“-ს გაყიდვების მენეჯერი.

 

კომპანია G&A Group საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: სამაცივრე საწყობების გაქირავება და ლოჯისტიკური მომსახურება; საოფისე ფართების გაქირავება; გაყინული ნახევარფაბრიკატების, ხორცპროდუქტებისა და თევზეულის წარმოება და დისტრიბუცია. კომპანიაში გაერთიანებულია სამი ბრენდი – „რერა“ (ნახევარფაბრიკატების პრემიუმ ხარისხის ბრენდი რომელიც მზადდება გაყინული ხორცპროდუქტებით) , „შინდა“(ნახევარფაბრიკატები, რომელიც  შედარებით დაბალფასიან სეგმენტზე გათვლილი), „ნობათი“(გაყინული დაფასოებული ხორცპროდუქტები).

„ჩვენს კომპანია G&A-ს აქვს რამდენიმე მიმართულება-  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს გაყინული ღორის, საქონლის, ქართმის ხორცი და გაყინული თევზი.  გარდა ამისა, გვაქვს წარმოების რამდენიმე მიმართულება, ჩვენს ნახევარფაბრიკატებში არ ვიყენებთ არანაირ დანამატებს, კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს.  „რერას“ ბრენდის ქვეშ ვახორციელებთ შებოლილი თევზის წარმოებასაც. ჩვენი პროდუქცია გაშლილია საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქსელურ და არაქსელურ მარკეტში,”- აღნიშნავს ნიკა ლომიძე.

ბრენდი „რერა“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ამოქმედდა. ამ ეტაპზე, მოქმედი წარმოების ფარგლებში „რერაში“ დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

 “კომერსანტი”