ცოლმა ქმარს „კანონიერ ქურდთან“ უჩივლა 9000 ევროს მოთხოვნით– დაკავებულია ათამდე პირი

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ კრიმინალურმა პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავა.

 

 

საქმეში თურქეთში მყოფი ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ჯეირან კინწურაშვილი და თამაზ ქარცივაძე ფიგურირებენ.

 

ჩვენი ინფორმაციით, ქურდული გარჩევა ცოლ-ქმარს შორის არსებულ ქონებრივ დავას უკავშირდება. საუბარია 9000 ევროზე, რომელსაც ცოლი – ელ.წ. მის მეუღლეს, ვ.წ-ს სთხოვდა.

ბრალდების მიხედვით, ქალმა მეუღლესთან ქონებრივი დავის გადასაწყვეტად საქმეში ქურდული სამყაროს წევრები ჩართო, რომლებიც თავის მხრივ დაუკავშირდნენ თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯეირან კინწურაშვილს – მას კრიმინალურ წრეებში „ჯეირან ხონსკის“ მეტსახელით იცნობენ.

 

ქურდული გარჩევა ელ.წ-ს სასარგებლოდ გადაწყდა და ქმარს ცოლისთვის 9000 ევროს გადახდა დააკისრეს.

 

ამის შემდეგ საქმეში „კანონიერი ქურდი“ ჩართო ქმარმაც. ჩვენი ინფორმაციით, ის ქურდული სამყაროს წარმომადგენელთან, ავთანდილ სიხარულიძესთან ერთად 7 მარტს გაემგზავრა თურქეთში, სადაც შეხვდა „კანონიერ ქურდს“ თამაზ ქარცივაძეს.

 

უკვე 13 მარტს საქართველოში ჩამოდის თამაზ ქარცივაძის ნდობით აღჭურვილი პირი რომან პარადა, რომელიც მოდავე მხარეს ატყობინებს ქარცივაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დავა არა ცოლის, არამედ ქმრის, ვ.წ-ს სასარგებლოდ გადაწყდა.

 

საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ „კანონიერი ქურდები“ ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და პოზიციებს ათანხმებდნენ.

 

ფაქტზე საერთო ჯამში პასუხისგებაში 10-მდე პირი მიეცა. საქმე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს.

ფოტოზე: ჯეირან კინწურაშვილი და თამაზ ქარცივაძე

“პრაიმთაიმი”