ვინ ემხრობა და ვინ ეწინააღმდეგება მშვიდობიან კავკასიას

„რუსეთი ოკუპანტია!“ – გაჰკივიან „ნაცები“ და „ქოცები“ ისე, რომ ვერ ხვდებიან ან არ უნდათ გაგება, რომ ეს ლოზუნგიც არ არის, ეს პრიმიტიული შეძახილია, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს პოლიტიკური აზროვნების ჩახშობა და იმ აზრის გამორიცხვა, რომ რუსეთთან ორივე მხარისთვის სასარგებლო დიალოგი სხვადასხვა საკითხებზე შესაძლებელი და აუცილებელიცაა.

საქართველოში არ ხდება გლობალური და რეგიონული პოლიტიკური პროცესების ანალიზი, სხვადასხვა სახის მონაცემების გადამოწმება და პროგნოზების მომზადება. არ არსებობს ასეთი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრები არც სახელმწიფო და არც კერძო დონეზე. თუკი რაიმე მსგავსი ფუნქციონირებს სახელმწიფო ან არასახელმწიფო სტრუქტურებში, ყველაფერი ფინანსდება და, შესაბამისად, კონტროლდება დასავლეთის სახელმწიფოების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მიერ.

სწორედ ამ ტოტალური უცხოური გავლენა-კონტროლის შესუსტებაზე და საკუთარი, სუვერენული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს თავმოყვარე, საკუთარი ხალხის მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო. მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა, სრული თავისუფლება აქვთ უცხოეთიდან დაფინანსებულ, არა საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებულ სხვადასხვა ორგანიზაციებს, ასევე მასმედიას. მეტიც, დასავლური დაფინანსება და ამ დაფინანსებით განპირობებული დაკვეთები ჩვეულებრივი მოვლენაა სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას, დასავლეთს ჩვენი ბიუროკრატიული სისტემის არსებითი ნაწილი ჰყავს კმაყოფაზე აყვანილი და, შესაბამისად, უხილავი ბორკილებით ზღუდავს ამ სისტემის ფუნქციონირებას რეალური სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ დასავლეთის ასეთი დაკვეთის შედეგია ის, რომ საქართველოში დღემდე არავინ ზრუნავს ეროვნული წარმოების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მოქნილი ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნაზე, ბანკების გავლენის შეზღუდვაზე და მრავალი სხვა, რადგან ეს ყველაფერი საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხს აამაღლებს, დამოუკიდებელი ქვეყანა კი ნაკლებად იქნება დასავლეთის მონა-მორჩილი. მათ შორის, საქართველოს გაუჩნდება სურვილი, აწარმოოს გონივრული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად – როგორც ეკონომიკურის, ისე ტერიტორიულის. ხომ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და რეინტეგრაციის გზა რუსეთზე გადის, რუსეთის გარეშე შეუძლებელია როგორც ეკონომიკური აღმავლობა, ისე კონფლიქტების დარეგულირება.

აი სწორედ ასეთი მსჯელობისას აქტიურდება შეძახილი „რუსეთი ოკუპანტია!“ და პოლიტიკურ ტემპერატურას დასავლეთის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, სხვადასხვა ჯურის პარტიები ახურებენ იქამდე, სანამ ლანძღვას ლანძღვასვე არ დაუპირისპირებ და მთელი ნააზრევი კონსტრუქციულიდან დესტრუქციულში არ გადავა.

არადა, რუსეთს კავკასიაში სამშვიდობო მიზნები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე დესტრუქციისკენ და დაძაბულობისკენ მიმართული. რუსეთი უფრთხილდება თავის ურთიერთობებს სომხეთთან – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრთან; სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთს მძლავრი სამხედრო ბაზა აქვს განლაგებული და სომხეთის ჯარს საზღვრების დაცვაშიც აქტიურად ეხმარება. მაგრამ, ამავე დროს, რუსეთი ყველანაირად კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს სომხეთთან დაპირისპირებულ აზერბაიჯანთან, ამ ქვეყნის ლიდერთან, ილჰამ ალიევთან. რუსეთი გარკვეულ ეკონომიკურ პრეფერენციებს ანიჭებს აზერბაიჯანს, ფართოდ უხსნის კარს ამ ქვეყნიდან რუსეთში ჩასულ მუშა-ხელს, რაც ძალზე სერიოზული დახმარებაა აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის. რუსეთი არ იშურებს ძალ-ღონეს მინსკის ეუთოს ჯგუფის ფარგლებშიც, როგორც თანათავმჯდომარე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, რათა მოხდეს ბაქოსა და ერევანს შორის პოზიციების დაახლოება.

ამერიკელების მცდელობები ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ასეთი ფორმატების დისკრედიტაცია და გადასვლა ისეთ ფორმატებზე, რომლებიც ვითარებას უფრო ძაბავენ. ყარაბაღი იქით იყოს და, აბა კარგად დავფიქრდეთ: ვინ და რატომ უკეთებს იგნორირებას რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გაჟღერებულ (თანაც არაერთხელ) თანხმობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს, დიალოგი აწარმოოს აფხაზებთან და ოსებთან? რუსეთის პრეზიდენტმა ხომ ცალსახად მიგვანიშნა იმაზე, რომ რუსეთი არ არის საქართველოს რეინტეგრაციის წინააღმდეგი, თუკი ამაზე ჩვენ თავად დავიყოლიებთ აფხაზებსა და ოსებს, ბუნებრივია, მშვიდობიანი და ნებაყოფლობის გზით?! პასუხი ერთია – ამ საკითხის წინსვლას აბრკოლებს არა რუსეთი, არამედ დასავლეთი თავისი სატელიტების მეშვეობით.

ამიტომ აუცილებელია, დაისვას საკითხი არა მარტო არასამთავრობო სექტორის უცხოური დაფინანსების კონტროლის და, ხშირ შემთხვევაში, დაუშვებლობის, არამედ საკუთრივ სახელმწიფო აპარატის გაწმენდის შესახებ. ასე მაგალითად, ბოლო დრომდე „შერიგების მინისტრად“ მუშაობდა ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არანაირი შერიგება არ მომხდარიყო. რუსეთის განუწყვეტელი ლანძღვა, „ოკუპანტია“-ს ძახილი და პარალელურად, თვალთმაქცი ღიმილი აფხაზების და ოსების მისამართით – აი ის მაქსიმუმი, რაც მინისტრმა შეძლო. შეძლო საქმის გაფუჭება! თავიდანვე ხომ ცხადია, რომ აფხაზები და ოსები ანტირუსული პოლიტიკის გამტარებელ საქართველოს არ დაელაპარაკებიან?!.. ახლა, როცა ქ. ციხელაშვილმა თავისი დესტრუქციული ფუნქცია შეასრულა, იგი ელჩად გადაიყვანეს ვენაში. ეს ქალი, რომლის ფუნქციებში ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (პირველ რიგში, ეუთოსთან) ურთიერთობებიც შედის, აწი ავსტრიაში ეცდება ქართული საქმის გაფუჭებას…

რუსეთი მშვიდობიანი კავკასიის იდეას და დიალოგს ყველა კონფლიქტურ მხარეს შორის ემხრობა, სამაგიეროდ, დასავლეთს არ აწყობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი, რადგან ასეთი დიალოგი მხოლოდ რუსეთის კეთილი ნებით და მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ამიტომაც დასავლეთმა შემოაგდო თავისი პროექტი – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც ვითომ საგანმანათლებლო საკითხებში აფხაზების და ოსების დახმარებას ითვალისწინებს. მაგრამ ეს პროექტიც წლების მანძილზე ისევე არაეფექტური რჩება, როგორც აქამდე განხორციელებული სხვა პროექტები, ვინაიდან მათი მიზანი არ არის ხალხების დაახლოება და ნდობის ჩამოყალიბება. დასავლეთს აფხაზები და ოსები რუსეთის წინააღმდეგ „დასამუშავებლად“ სჭირდება, მაგრამ ეს მცდელობებიც განწირულია.

რუსეთის ხელისუფლება მიესალმება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რაც, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა საღად მოაზროვნე მცირერიცხოვანი ქართველი პოლიტოლოგების მიერ, არ მოასწავებს თბილისის მხრივ სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობას. ყველა პრობლემა მოგვარებადია და დიპლომატიური ურთიერთობებია ამის საწინდარი. სამწუხაროდ, საქართველოს არასუვერენულ ხელისუფლებას ამის გაგება არ სურს – იმიტომაც არის იგი მეორეხარისხოვანი ამერიკელი კონგრესმენების საბურთაოდ გადაქცეული!

ასევე ყრუა ჩვენი ხელისუფლება იმ ინიციატივების მიმართ, რასაც რუსეთთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობა ჰქვია. ჭირმა თავი არ დამალა და ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ ენაზე აღზრდილი ახალგაზრდები ისლამისტ ტერორისტებად ყალიბდებიან, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. რუსეთი იდეალური ბუნებრივი მოკავშირეა ტერორისტების ასალაგმავად, მაგრამ ისევ დასავლეთი არ აძლევს ჩვენს ხელისუფლებას უფლებას, რომ ასეთი თანამშრომლობა შედგეს. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიას დასავლური სპეცსამსახურები იყენებდნენ რუსეთის მოწინააღმდეგე ტერორისტების ტრანზიტისათვის, რაც საფრთხეს უქმნიდა არა იმდენად რუსეთის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებას. დღევანდელ ვითარებაში ასეთი მცდელობები გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ძალზე კონკრეტულ და ხისტ პასუხს, სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით. ამიტომ, დასავლეთს ჩვენვე არ უნდა მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საბაბი.

 

გაიოზ რურუა