“ნაც. მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა აქტივისტს სცემა

 

მოძრაობის აქტივისტის, მარიამ ვაწაძის თქმით, აქციაზე, რომელიც “აპარტიული უნდა ყოფილიყო”, გამოჩნდნენ პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, ოთარ სირაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ახლა კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია.

“მოსახლეობასაც ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ამაზე და შელაპარაკება მოგვივიდა, განსაკუთრებული არ მომხდარა არაფერი. შემდეგ ამბროლაურში როცა ჩამოვედით მანქანით დაგვეწიენ და მანქანიდანვე დაგვიწყეს ბილწსიტყვაობა, შემდეგ გადმოვიდნენ და დანარჩენი ვიდეოშიც ჩანს”, – აღნიშნავს აქტივისტი.

ვიდეოში, რომელიც მარიამ ვაწაძემ გაავრცელა, ჩანს კამათი ერთი მხრივ, ნიკოლოზ ბაქრაძეს, მეორე მხრივ კი ოთარ სირაძესა და მის თანმხლებ პირს შორის. მცირე ხნის შემდეგ, როდესაც სირაძე ხელით მკვეთრ მოძრაობას აკეთებს – ხელს იქნევს ბაქრაძის სახესთან ახლოს – ბაქრაძე კი ხელს კრავს მას, ფიზიკური დაპირისპირება იწყება.

“ნეტგაზეთი”