ონში აქცია გაიმართა

რაჭაში, ადგილობრივი მცხოვრებლების, გარემოსდამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. აქციას თბილისიდან, გურიიდან, აჭარიდან, სვანეთიდან და ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც შეუერთდნენ.

4 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრებილებმა მთავარ მოთხოვნად დაასახელეს ჰესების კასკადის მშენებლობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის გაუქმება. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, მთავრობამ შეაფასოს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შეადაროს ის იმ ზარალს, რაც ონის ჰესების კასკადის აშენებას მოჰყვება.

„ხალხი ყოველთვის დავდგებით რეგიონის განვითარების მხარეს, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პროგრესს, მაგრამ არასდროს დავდებთ რიონს და რეგიონის ზარალს არანირი მატერიალური, და ისიც ბუნდოვანი, კეთილდღეობის საპირწონედ.

ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას სიჩუმეს უქადის. Ჩვენ რიონის ხმაზე გაზრდილი რაჭველები ვართ, ამიტომ არავის არასდროს მივცემთ უფლებას, რიონის გარეშე დარჩეს ხეობა“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას მოძრაობის „არა ონის კასკადს“ აქტივისტმა, თამთა მეტრეველმა.

თამთა მეტრეველის ინფორმაციით, დღესვე, სატელევიზიო ეთერში, ონის ჰესების კასკადის თემაზე დისკუსია იყო დაგეგმილი, თუმცა ჰესის მშენებელი კომპანიის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„ორი წელია ვითხოვთ, ჰესის მშენებელი კომპანია, სამინისტროს წარმომადგენელი და მოსახლეობა შევხვდეთ ერთმანეთს. ექსპერტებმა თქვან თავისი სიტყვა, მოსახლეობამ მოვისმინოთ და ჰესის მშნებელმა კომპანიამ უპასუხოს როგორც მოსახლეობას, ასევე ექსპერტებს. მაგრამ ორი წლის მანძილზე ჩვენ ამ შეხვედრას ვერ მივაღწიეთ. ჟურნალისტებს ჰქონდათ ამის მცდელობა და ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო დღეს საღამოს „რეალურ სივრცეში“, მაგრამ ჰესის მშენებელმა კომპანიამ, ისევე როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს მინისტრის მოადგილემ, შეხვედრაზე უარი თქვენს. ჩვენ უარი არ გვითქვამს. მოსახლეობამ ვიცით, რასაც ვამბობთ, რასაც ვითხოვთ და შესაბამისად, არ გაქვს უკან დასახევი თემა“, – აღნიშნა თამთა მეტრეველმა.

 

reginfo.ge