სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში დღეს განხორციელდება. ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს.
დავით ჭაკუა არა ერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.
44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალი ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე, პროკურატურის მტკიცებით, 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეკვეთით, არსებული ხელისუფლებისათვის ზიანის მიყენების მიზნით იყო გადაღებული.
წყარო: ghn.ge