მამათა და შვილთა „ბრძოლის“ – ქართველი მწერლების ძველი და ახალი თაობის ლიტერატურული პაექრობის შესახებ ყველას გვსმენია. დღეს, სამწუხაროდ, ეს ბრძოლა მწერლების დონეზე აღარ ხდება. აღარ ხდება, რადგან მწერლები აღარ გვყავს, არც აგრონომები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, არქიტექტორები…
ან საიდან გვეყოლება, როდესაც განათლების სიტემა აღარ გვაქვს. უფრო სწორaდ, გვაქვს ჩვენთვის, როგორც არასრულფასოვანი ერისათვის, სპეციალურად დაწერილი და თავსმოხვეული.
ასეთი „სპეციალურ“- განათლებამიღებულმა თუ პროგრამირებულმა თაობამ ბევრი რამ არ იცის, მოვლენებზე და ჩვენს სავალალო რეალობაზე სწორ ანალიზს ვერ აკეთებს. სამართლიანობა მოითხოვს, თვით ყველაზე სასტიკ დამნაშავესაც კი ჰყავდეს დამცველი და ადვოკატი და დაცვა სულაც არ ნიშნავს ღრმა სიმპატიას დამნაშავისადმი. “დამნაშავის” დაცვა ნიშნავს მისი დადებითი მხარის და ქმედების მაქსიმალურად წარმოჩენას, რათა ადგილი არ ჰქობდეს გადაცდომას და უსამართლობას ბრალმდებელის მხრიდან.
საბჭოთა წარსულის გინება არ ნიშნავს პროგრესულ და თანამედროვე აზროვნებას. სიმართლე მის სწორ შეფასებაში და ანალიზში მდგომარეობს.
თუნდაც ამიტომ ის ჩვენი წინაპრების, მშობლების და მთელი თაობების, ზოგადად ჩვენი სამშობლოს ისტორიას წარმოადგენს.
არ დაგვავიწყდეს რომ, სანამ ჩვენთვის „სათაყვანებელი“ დასავლური დემოკრატია დღევანდელ „მწერვალებამდე“ მივიდოდა, მისი მოქალაქენი ჩვეულებრივ, „ჟანდარმ” სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მაღალმა ეკონომიკურმა და საზოგადოებრივმა სიმწიფემ მიიყვანა ისინი ჩვენთან შედარებით, სოციალურად მოწესრიგებულ სახელმწიფო წყობამდე.
არ დაგავიწყდეთ, რომ რეალურად სამართლიანი და სოციალური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი, მოწინავე ქვეყნებში მხოლოდ 1970 წლების შუახანებიდან იწყება.
თავის დროზე, რუსეთის იმპერიაში წარმოშობილი ადამიანების სოციალური თანასწორობის იდეაც, რა თქმა უნდა, არ იყო ცუდი.
ევროპასთან შედარებით ჩამორჩენილი ქვეყნისათვის, როგორიც რუსეთის იმპერია იყო, კოლექტიურ მეურნეობის ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ აღორძინებას, იმ პერიოდში ალტერნატივა არ გააჩნდა.
მართალია, ზოგიერთ დარგში მეთოდები ძალადობრივი იყო, მაგრამ ამ მიდგომამ იმუშავა და საბჭოთა ეკონომიკის სასწაულებრივად სწრაფმა ზრდის ტემპმა გააოცა დანარჩენი მსოფლიო.
საბჭოთა მთავრობამ, რაღაც ეტაპზე სცადა ეკონომიკის ლიბერალიზაცია, დაუშვა ე.წ. „ნეპი“, მაგრამ უმალ, ისევ წარმოიშვა იმ პერიოდისათვის ძალზედ არასასურველი სოციალური უთანასწორობა მოსახლეობაში. ამის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა კერძო საკუთრებაზე, რამაც გამოიწვია ამ უზარმაზარი გაერთიანების დასუსტება და დანგრევა.
სამართლიანობისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირის მშენებლობის და არსებობის ადრეულ, რეპრესიულ წლებს ვიხსენებთ, ნუ დავივიწყებთ დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სოციალურ უთანასწორობას, სიდუხჭირეს, რასიზმს და მშრომელი ადამიანების ჩაგვრას.
ეს მოწინავე ქვეყნები, მე-20 საუკუნის შუახანებამდე, სანამდეც შეეძლოთ, ასევე უმოწყალოდ ძარცვავდნენ თავიანთ კოლონიებს და დამორჩილებულ ერებს. უფრო მეტს გეტყვით, ბელგიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი არსებობდა ზოოპარკები, სადაც საჩვენებლად, უბრალოდ შავკანიანი აფრიკელები ყავდათ.
ასევე კარგად მოგეხსენებათ თეთრებისა და შავკანიანთათვის დაწესებული „დემარკაციის“ უახლესი ისტორია ტრანსპორტში. კინოთეატრებში და ზოგადად შეკრების ადგილებში.
რეალობას თვალი გავუსწოროთ და დღევანდელი ევროკავშირი თამამად შეგვიძლია განვიხილოთ საბჭოთა კავშირის იდეურ მემკვიდრედ. საერთო ვალუტა, წარმოების კოოპერაცია, საერთო დაცული ბაზარი და ქვეყნების გაერთიანება საზღვრების გარეშე. სოციალურ სფეროზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საბჭოთა ეკონომიკა მისმა გეგმიური მართვის მეთოდმა დაანგრია. როდესაც თავისუფალი კონკურენციის კანონი, სულელური სოციალისტური შეჯიბრებით ჩაანაცვლეს.
არავის ეგონოს, რომ იმ ხელისუფლებაში ჭკვიანი ადამიანები არ არსებობდნენ. ჯერ კიდევ ლავრენტი ბერიას ჰქონდა მცდელობა, პარტია სამეურნეო ცხოვრებისათვის ჩამოეშორებინა. ომის შემდგომ, ქვეყნის კოლექტიური შრომით კიდევ ერთხელ უსწრაფესი აღდგენის შემდეგ, დღის წესრიგში უპირობოდ დადგა კოლექტიურის კერძო საკუთრებით ჩანაცვლების საკითხი. ასევე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი სამეურნეო ცხოვრებაში და გადაჭარბებული იდეოლოგიური მანიპულაციები.
საბოლოოდ, ერთპარტიულმა, ბრეჟნევის და მისი ხანდაზმული გარემოცვის უაზრო მმართველობის წლებმა, ამ გაერთიანების არსებობას წერტილი დაუსვა.
რა თქმა უნდა, ასეთი ფორმის გაერთიანება დრომოჭმული და მისი კრახი გარდაუვალი იყო. მაგრამ არა ასეთი ნგრევითა და მტკივნეული ფორმით.
საქართველოსთვის, ამ მისთვის ნაცნობი და გარკვეულწილად ათვისებული ეკონომიკური სივრცის დატოვება, დამღუპველი აღმოჩნდა.
ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, რაც კი შეიძლებოდა. განსაკუთრებით ნაცნობი და ქართული პროდუქციისათვის აღიარებული ბაზარი.
ცალკე საკითხია, რამდენად შეიძლებოდა ამ ეკონომიკური სივრცისა და ამავდროულად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა.
უბედურება ის არის, რომ თანამედროვე, დასავლურ ეკონომიკურ სივრცეში ჩვენი ადგილი არ არის. უბრალოდ არ არის და მორჩა. დასავლეთისთვის საქართველო უბრალოდ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ტერიტორიას წარმოადგენს და მეტს არაფერს. იმ „ძველი“ სივრციდან კი ჩვენ ძალიან ბევრ ჩვენთვის სასარგებლოს ვიღებდით. როგორც მატერიალურს, ისე არამატერიალურს და ეს ყველაფერი გვიღირდა.
თუნდაც განათლებას. მე საფრანგეთის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვაღიარებ, მათი განათლება, ყოფილ საბჭოთა განათლების სისტემასთან ახლოსაც ვერ მოვა.
ის უზარმაზარი ტექნოლოგიური ნახტომი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში განხორციელდა მსოფლიოში, მთლიანად ყოფილი საბჭოეთიდან “გადაქაჩული” და გადაბირებული მეცნიერების დამსახურებას წარმოადგებს.
ჩვენ ამ ახალ სივრცეში, ჩვენდა საუბედუროდ, ღირსეული ადგილს ვერ დავიკავებთ და არც დაგვაკავებინებენ. არც ისეთი „გულუხვია“ დასავლური დემოკრატია. მითების და კეთილი მეგობრობის დრო დამთავრდა. ჩვენ ერთდროულად უნდა ვიბრძოლოთ ორ ფრონტზე, ძველთანაც და ახალთანაც რომ ჩვენთვის სასიკეთო მოვიპოვოთ.
ასე, რომ ძველის და ძველი „მეგობრების“ ხელაღებით გინება არ არის გამართლებული. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ძველს, საბჭოურს კარგიც ძალიან ბევრი ჰქონდა. უნდოდა თუ არ უნდოდა, ჰქონდა და ეს ფაქტია. თუნდაც სოციალური სფერო, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა, ეკოლოგია, კულტურული და ეროვნული ფასეულობების დაცვა. მათ შეეძლოთ გარკვეულწილად ადამიანების პიროვნული მონაცემების შეფასება-დაფასება და დღევანდელივით არაკომპეტენტური მედროვეების ხელში არ იყო ქვეყანა.
დიდი უსამართლობაა, როდესაც არასმცოდნე და არაფრის მნახველი ადამიანები წარსულს გვიფასებენ და გვიგინებენ,
ძალიან ბევრი გონიერი ადამიანი, ვისაც წარსულიც უნახავს და აწმყოც, ვისაც ანალიზის უნარი გააჩნია, მომავალსაც ხედავს და დასკვნებსაც აკეთებს.
ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ყველაფერში მაქსიმალურს ვიძლევით. კარგშიც და ცუდშიც. წარსულის ქებაშიც და გინებაშიც.
ღმერთმა დაგვიფაროს ზუსტად ისეთი წარსულში დაბრუნებისაგან, როგორიც გვქონდა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს იქ მოხვედრისაგან, საითკენაც მივყავართ თუ მიგვათრევენ.
თუ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ერი და ათასწლოვანი ქართული ფენომენი აღარ იარსებებს, ჯანდაბასაც წაუღია ყველაფერი!
ჩვენ უბრალოდ მოტყუებული, “ოდესღაც ქვეყანა” ვართ.
დავით აბულაძე