„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს ეხებათ.

როგორც imedinews-ს კომისიაში განუცხადეს, აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

 

 

“ქრონიკა”