ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება . ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით რიგი შეზღუდვები დააწესა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ამ დროისთვის იმყოფებიან, გაფრთხილებას ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით ახალი ზომები დააწესა. დაიკეტა საბანკეტო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები, საცურაო აუზები.
რესტორანში დაშვებულია ერთდროულად არაუმეტეს 20 ადამიანის შეკრება, დახურულ შენობაში კი ყოფნა შეუძლია არაუმეტეს 30 ადამიანს.
ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ორჯერ გაიზარდა კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი და ბოლო ორ დღეში ათასს მიაღწია. ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში არსებული სიტუაციას საგანგებო უწოდა და ახალი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე განაცხადა.
ისრაელში ბოლო დღე–ღამეში ინფექციის შემთხვევებმა 962–ით მოიმატა და ორშაბათს საღამოს 30 749–ს მიაღწია, სამი პაციენტი გარდაიცვალა – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 334–ს მიაღწია.
“სპუტნიკ-ჯორჯია”