ამერიკაში შესაძლოა ჩინური სოციალური ქსელები, მათ შორის TikTok-ი აიკრძალოს

შეერთებული შტატები განიხილავს ჩინური სოციალური მედიის ქსელების, მათ შორის TikTok-ის დაბლოკვის შესაძლებლობას. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ურჩევდა თუ არა ვინმეს TikTok-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვას, მაიკ პომპეომ უპასუხა, რომ მხოლოდ მათ ურჩევდა, ვისაც სურს, მისი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს, ინდოეთმა აკრძალა 59 ჩინური პროგრამა, მათ შორის TikTok, UC Browser და WeChat მესინჯერი.

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს პროგრამები საზიანოა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი იძლევა აპლიკაციაში ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობას. მისდამი განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა.

ცნობილმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სახის გასართობი ვიდეოების განთავსება, რამაც აპლიკაციის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. აპლიკაცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო: ghn.ge