კორონავირუსს “ოცნება” უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს

„ქართული ოცნება“ კორონავირუსზე პარაზიტობს, ვირუსზე პარაზიტობა თუ შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს ამ ვითარებაში პოლიტიკური სარგებელი ნახოს და ყველაფერს კორონავირუსს აბრალებს.

„სარგებლობს და ბოლომდე იყენებს კორონავირუსს ყველა მიმართულებით. მოდი ვაღიაროთ, რომ კორონავირუსი მაშველი რგოლი აღარ არის, უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს რეალურად მმართველი გუნდი, იმიტომ რომ კორონავირუსამდე მისი რეიტინგი 20%-ს არ აღემატებოდა რეალურად მოსახლეობაში და კორონავირუსის ფონზე გარკვეულწილად ცოტა წამოიწივნენ, ამოისუნთქეს. „ქართული ოცნება“ რეალურად ჩამოკიდებულია ბოლომდე ამ კორონავირუსს და მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკური სარგებელი ნახოს. არჩევნებამდე ცდილობს მიათრიოს ეს პროცესი. დღეს გამოდის პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე, რომ 15 ივლისამდე რაც ჰქონდათ, ფაქტობრივად, ანტიკონსტიტუციურად საგანგებო მდგომარეობა შემოღებული, უნდა გააგრძელონ 2021 წლის პირველ იანვრამდე ანუ მაქსიმალურად სარგებლობს და სარგებლობს, მათ შორის, კორუფციულ ნაწილში. სარგებლობს იმით, რომ ყველაფერს აბრალებს კორონავირუსს და ამბობს, რომ პირდაპირი შესყიდვა იყო საჭირო, დრო არ იყო, ოპერატიულობა ითხოვდა და შესაბამისად, ეს თანხები ხვდება სწორედ იმ ოლიგოპოლიურ და პოლიტიკურ კონიუნქტურასთან შეზრდილ ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებიც ამით სარგებლობენ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”