პეკინი ლონდონს ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს

დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩი ოფიციალურ ლონდონს ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

 

მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგელებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაუმარტივა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩმა, ლიუ სიაომინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი ლონდონის ამ გადაწყვეტილებას მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ჰონგ-კონგთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია არანაირი სუვერენიტეტი, იურისდიქცია და ხმის უფლება. ლონდონის ეს ნაბიჯი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი სტანდარტების ღია შელახვაა. ბრიტანული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების პროპორციულად კონტრზომებს მივიღებთ“, – განაცხადა ელჩმა.

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიმართულია ჰონგ-კონგის მთავარი კანონის 23-ე მუხლის განხორციელებისკენ. ეს მუხლი ადმინისტრაციულ რაიონს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით „დივერსიული საქმიანობის“ წინააღმდეგ კანონების მიღებას ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად, ეს კანონი ჰონგ-კონგში სეპარატიზმსა და ბუნტს კრძალავს.