თუ ადამიანი ვერ ახერხებს ვერსად ჩაწერას, რატომ უჩერებთ ID ბარათის მოქმედებას?!

ადვოკატი ლაშა გოლუბიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

”  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტი გახარია იმედია, იმუშავებთ და გამოასწორებთ იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ხარვეზს, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ:

ადამიანმა თუ დაკარგა საცხოვრისი ან სხვა მიზეზით ვერ ახერხებს ვერსად ჩაწერას, რატომ უჩერებთ ID ბარათის მოქმედებას?! თქვენი ამ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით ადამიანები ფაქტიურად რჩებიან პირადობის მოწმობის გარეშე, რის გამოც ფაქტობრივად წართმეული აქვთ კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. პირადობის მოწმობის შეჩერების გამო ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება. ვერ სარგებლობენ ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად რიგი სატრანსპორტო საშუალებებით, მაგალითად თვითმფრინავით, ვერ ანხორციელებენ საბანკო (ფინანსურ) ოპერაციებს, ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სერვისებით და ა.შ.
პირადობის მოწმობის შეჩერების გამო მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები, მათ შორის, პროფესიული საქმიანობა, რის გამოც რიგ შემთხვევებში ადგებათ გამოუსწორებელი ზიანი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
მსგავსი მიზეზით გამოწვეული დისკომფორტი აღწევს იმ სიმძიმეს რომლის გამოც აღნიშნული ქმედება თავისუფლად შეიძლება შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წამებად, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად/სასჯელად.
ადამიანებისთვის წამების ტოლფასი მორალური სატანჯველია ის, რომ იძულებით რჩებიან პირადობის მოწმობის გარეშე, რის გამოც ფაქტობრივად წართმეული აქვთ კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. პირადობის მოწმობის არქონის გამო მოქალაქეები ვერ სარგებლობენ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით, ვერ ანხორციელებენ პროფესიულ საქმიანობას და ყოველდღიურად განიცდიან ტანჯვას

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,
„აღნიშნული უფლება იცავს პიროვნების ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება“

ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება.”-წერს გოლუბიანი.