ჩინეთმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო პროტესტი გამოხატა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა განაცხადა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ბრალდება ცილს სწამებს ჩინეთის მთავრობას, ვინაიდან ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ხალხის კეთილდღეობა ჩინეთის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება კვლავ აპირებს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას. ჩინეთმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ხელი არ შეეშალათ ჩინეთისა და ჰონგ-კონგის შიდა საქმეებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხოდ ”გადამწყვეტი რეაგირება” მოხდებოდა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. პომპეოს თქმით, შეზღუდვები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰონგ-კონგის ავტონომიის თავისუფლების ხელყოფისთვის. სანქციები მიმართულია როგორც პარტიის ყოფილ, ასევე მოქმედ წარმომადგენლებზე.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ახალ კანონს განიხილავს, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივი ქმედება გახდება პეკინის მმართველობის წინააღმდეგ განხორციელებული მოწოდებები, ამასთან ჩინეთი პირველად განახორციელებს ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოების დაარსებას.
“რიპორტ.ჯი”