საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაძლოა, კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდიციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს. საუბარია იმ ტიპის კონდიციონერებზე, რომლებიც ჰაერს შიგნით არ ატრიალებს და გარეთ გააქვს.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სადაც უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედიისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.
“ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლაინი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ იგივე გავრცელდეს ტრანსპორტზე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, კონდიციონერის ფილტრები უნდა იყოს ახლად გამოცვლილი ან სათანადოდ დამუშავებული.
“კურიერი”