როგორც ცნობილია, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არალეგიტიმური აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენიმე დღის წინ ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა.
კერძოდ, ბჟანიამ, რუსული სააგენტო “ინტერფაქსის” მიერ გამართული ონლაინ-კონფერენციის ფარგლებში განაცხადა:
“ჩემთვის გაუგებარია, დღევანდელ დღემდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკასთან. ეს უმთავრესია, როგორც კი ეს პირველი პუნქტი განხორციელებული იქნება [და ბჟანიამ აქ ახსენა საქართველოს “შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში” სახელმწიფო მინისტრის აპარატის დოკუმენტი, რომელიც მთავარ მიზნად მშვიდობას აცხადებს], ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად წავა” /”Мне непонятно, почему до сегодняшнего дня не подписано соглашение о неприменении силы по отношению республики Абхазия. Это самое главное, как только этот пункт первый будет реализован, все пойдет очень и очень хорошо”/.
აფხაზების ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ ელის საქართველოსგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, “თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ის დოკუმენტია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ დიალოგი – ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის” /”…договор о неприменении силы – это тот, договор, который даст возможность для нашего возможного диалога: гуманитарного, экономического и любого другого”/.
ქართულმა სააგენტოებმა ეს ციტატები ოდნავ არაზუსტად თარგმნეს, მაგრამ ეს “ოდნავ” საკმარისია იმისათვის, რომ ბჟანიას განცხადების სენსაციურობა მიიჩქმალოს. არადა, სენსაცია აშკარაა – აფხაზეთის პრეზიდენტი თანახმაა, აწარმოოს საქართველოსთან ყოვლისმომცველი დიალოგი, მათ შორის, პოლიტიკურიც, თუკი აფხაზეთის მოსახლეობა, ნეიტრალური, ტექნიკური ხასიათის დოკუმენტის საფუძველზე მიიღებს ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიას თბილისის მხრიდან!
ვფიქრობთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა აფხაზეთის მიმართულებით, ბოლო ათეული წლის მანძილზე და ამ შანსს გამოყენება უნდა. აუცილებელია, გავამაგროთ ასლან ბჟანიას – ადეკვატური, წესიერი აფხაზი კაცის პოზიციები!
ეს ვითარება ყველაზე კარგად ქართველ პატრიოტს, ალექსანდრე ჭაჭიას ესმის და სწორედ მას აქვს საუკეთესო კავშირები აფხაზეთში. ჩვენი ინფორმაციით, მზადდება გარკვეული ჩარჩოები საიმისოდ, რომ “სახალხო დიპლომატიის” ანუ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წევრებს შორის, ორივე მხრიდან, მოხდეს სიტუაციის ანალიზი და შეფასება. საქმიდან გამომდინარე, აუცილებელია, ჭაჭია ოფიციალურმა თბილისმა გარკვეული ტიპის მანდატით აღჭურვოს. თუკი ეს მოხდება და საქართველოს ხელისუფლებას გონება გაუნათდება, მაშინ მოლაპარაკებებს წინ აღარაფერი უდგას.