კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, რომელშიც აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებია წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა. დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ ზე მეტ დოლარს მიიღებს, დახმარების 15% კი შესაძლოა იქამდე შეჩერდეს, სანამ შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.~
გიორგი გახარიას თქმით, არაფერი სასიამოვნო ამ პროცესში არაა, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია პროგრესირებს და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც ნახავენ.
“არ გადამრიოთ, ხანდახან კორექტულად საუბრობთ ხოლმე, “შესაძლო“- ეს ერთი სიტყვა. მოგეხსენებათ, რომ ჯერჯერობით ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია ქვეყანა – საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის წინასაარჩევნო შიდა მაღალი ტემპერატურა, შიდა დაძაბულობა გარეთაც გადის, მაგრამ მოგეხსენებათ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, მსგავსი ინტერპრეტაციები იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზეც, ცვლილებების მერე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ნებისმიერი რეაქცია ყურადსაღებია. პრემიერ-მინისტრი განვითარებულ პროცესებს ოპოზიციის მიერ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის მცდელობად აფასებს.
“თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება ისე, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეულები ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, საბოლოოდ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბოლოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ ყველანი უნდა დავწყნარდეთ დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას რომ კარგად ჩატარებული არჩევნები, ეს ყველას ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები.
“ქართული ოცნებისთვის” სიგნალი არის ის შეფასებები, რომელიც დემოკრატიის განვითარებაზე საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა. უფრო მეტი კომუნიკაცია უნდ გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება, ეს არის მოკლედ, რომ გითხრათ, მცდელობა შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია.
ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ამ საკანონმდებლო ამოცანაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე და ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ არც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,”- აღნიშნა პრემიერმა.
აღნიშნული კომენტარი დღეს გიორგი გახარიამ ასეურეთის გერმანულ დასახლებაში გააკეთა, რომელსაც ვიცე-პრემიერთან და გერმანიის ელჩთან ერთად სტუმრობდა. ასურეთის გერმანულ დასახლებაში სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
“რუსთავი2”