საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები გამოეხმაურნენ და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, ისინი შენგელიას სრულ მხარდაჭერას აღუთქვამენ და მათთვის მიუღებელია ის უარყოფითი დამოკიდებულებები რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვრცელდება.
მანუჩარ მარკოიშვილი დარწმუნებულია, რომ თორნიკე შენგელიას გადადგმული ნაბიჯი წარმატებული იქნება და კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს. გიორგი შერმადინმა თორნიკე შენგელიას ესპანეთის ჩემპიონობა მიულოცა და ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლა და წარმატებები უსურვა. მოსკოვის „ცსკაში“ შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი გოგა ბითაძეც.
„საწყენია, რომ საქართველოსი ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ტრანსფერს, ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს, რადგან პირველ რიგში არის სპორტსმენი და თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ ქომაგებს“, – აცხადებს გოგა ბითაძე.
ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე აცხადებს, რომ თორნიკე შენგელიამ სწორი გადაწვეტილება მიიღო.
„ძალიან უხერხული არის ბრალდება თორნიკეს მიმართ, რომ თითქოს ის არ არის პატრიოტი და გადადგა არაპატრიოტული ნაბიჯი, მან თავისი შესაძლებლობები „ბასკონიაში“ უკვე ამოწურა და კარიერულ დონეზე მას სჭირდება შემდგომი განვითარება, აქედან გამომდინარე მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა სანიკიძემ.
9 ივლისს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.