მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
საზოგადოებრივი ადვოკატმა, ლელა ჭანკვეტაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მომხდარის მოტივი უცნობია და ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას – 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“იმედინიუსი”