“Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია “ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით 5 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.
შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. პროდუქტები, სადაც დარღვევები აღმოჩნდა, არის ცხარე საწებელი ჯაკომო,ტომატის კეტჩუპი კალვე,აჯიკა ნენა და სხვა.
მათი ინფორმაციით, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.
“ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც გამოვაქვეყნეთ. აღნიშნული კვლევებით, არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა. იხილეთ ბმულები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა.
სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).
ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.
თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
წყარო: commersant.ge