რუსოფობებს რუსეთში ფული არ უნდა ვაშოვნინოთ: სადაც ჭამენ, იქ არ ისაქმებენ- ვლადიმირ ბორტკო

რუსულმა გამოცემა “ინფორუსმა” დაბეჭდა სტატია სათაურით: „Накипело: о запрете въезда в Россию некоторым “особо одаренным” артистам“, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ უცხო ქვეყნის კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც რუსეთს პირდაპირ მტრობენ და ცუდ კონტექსტში მოიხსენიებენ, კანონმდებლობით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

ზოგიერთ უცხო ქვეყნის მოქალაქე „განსაკუთრებით ნიჭიერ კულტურის მუშაკს“, რომელიც რუსეთში გასტროლებით იღებს შემოსავალს, გაუგებარი და არასასიამოვნო ჩვევა ჩამოუყალიბდა:  ჩამოდიან რუსეთში, იხვეჭენ პოპულარობას, სახელს, ბოლოსდაბოლოს, ფულს  და შემდეგ, უკან დაბრუნებას ვერ ასწრებენ, ისე იწყებენ რუსეთის ლანძღვას. რუსეთის მრავალ მოქალაქეს ეს აშკარად არ მოსწონს და ისინი თავიანთ აღშფოთებას გამოხატავენ.

დიდი ხანია, მოვიდა დრო, რუსოფობ კულტურის მუშაკებს შეეზღუდოთ რუსეთის ტერიტორიაზე  შემოსავლის მიღების უფლება.

შესაძლოა, მალე ეს სამარცხვინო და ანტირუსული ტრადიცია საბოლოოდ დასრულდეს. ფედერაციების საბჭოს კომისიის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა, 9 ივლისს, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა შემდეგი:

„მივიღეთ ზომები იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც რუსეთის მიმართ მტრულ პოზიციას ახმოვანებენ. მათ აეკრძალათ რუსეთში შესვლა. მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია მსგავსი ზომების გატარება იმ უცხოელი კულტურის მუშაკების მიმართ, რომლებიც ჯერ, რუსეთში ფულს შოულობენ, შემდეგ კი იმავე რუსეთს ტალახში სვრიან.“

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაზეთ „ВЗГЛЯД“-ისთვის გაკეთებულ სპეციალურ კომენტარში,  პუშკოვმა განაცხადა: „ჩემი წინადადება  კულტურის იმ მოღვაწეების მიმართ, რომლებიც რუსეთის ქმედებებს გმობენ, მედიამ დაამახინჯა, კერძოდ,  განცხადება ეხება არა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, არამედ უცხოელ გასტროლიორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მდიდრდებიან და ამავდროულად ლანძღავენ რუსეთს, ეწევიან რა რუსოფობიულ პროპაგანდას.

პუშკოვმა, მაგალითისთვის, ქართველი მომღერალ ნინო ქათამაძესთან დაკავშირებით  მომხდარი გახმაურებული შემთხვევა მოიყვანა. როდესაც, ქართველმა მომღერალმა თავიდან,  რუსეთში კონცერტების მთელი სერია ჩაატარა, რითაც მნიშვნელოვნად „გაისქელა ჯიბე“,  ხოლო შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა განცხადებით, რომელშიც  აღიარა, რომ სძულს რუსეთი, რომელსაც  „საქართველოს მტერი“ უწოდა.

ნინო ქათამაძე- მღეროდა რუსეთში, ფულს შოულობდა რუსეთში, ტალახს ესროდა რუსეთს…

ეს არ არის ერთეული შემთხვევა,  2019 წელს, კიდევ ერთი ქართველი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი  ბოდიშს უხდიდა ქართულ საზოგადოებას რუსეთში ჩატარებული კონცერტებისთვის.

იმავეს აკეთებს, როგორც წესი,  ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც რუსეთში შემოსავლის მიღებას ამაყად ათავსებს მის ლანძღვა-გინებასთან.

პუშკოვმა დაგმო კულტურის მუშაკების მხრიდან მსგავსი საქციელი,   შეაფასა ის  როგორც  უღირსი, უსირცხვილო და გამოთქვა აზრი, რომ ოფიციალური სანქციები, რომლებიც მოსკოვმა პოლიტიკოსებს მიმართ გაატარა,  ასევე გავრცელდეს  მსგავს  მოღვაწეებზეც და მათაც კანონმდებლობით აეკრძალოთ რუსეთის ფედერაციაში შესვლა.

პუშკოვმა განაცხადა: „ისინი არიან საზოგადოებრივი ფიგურები და მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვების მნიშვნელობაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ,  რადგანაც მათი აზრის საჯაროდ გახმოვანება   პოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ეს არ ეხება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, თუ მათი სიტყვები რუსეთის ფედერაციის კანონებს და კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.“

თუმცა, აღნიშნავს პუშკოვი, მიუხედავად ამისა, კონსტიტუციაში შესული რიგი შესწორებების შემდეგ  რუს მოღვაწეებს, რომლებიც ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას მოითხოვენ, ძალიან გაუჭირდებათ მსგავსი პოპულისტური და უპასუხისმგებლო განცახდებების საჯაროდ გახმოვანება. ზემოთხსენებული შესწორებების შედეგად, კონსტიტუციით აიკრძალა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიის  გასხვისება. მიუხედავად ამისა,  რუსეთის მოქალაქეებს გააჩნიათ კონსტიტუციური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი, შეხედულება,  საუბარია „სიტყვის თავისუფლებაზე“, თუკი  ეს არ ცდება კანონის ფარგლებს.

პუშკოვის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა გოსდუმას კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ბორტკომ. კერძოდ, მან აღნიშნა შემდეგი: „იდეა სავსებით გასაგებია: თუკი ადამიანი რუსეთზე სიბინძურეს ამბობს, ასეთი რატომ უნდა შემოვუშვათ რუსეთში, იმისთვის, რომ ფული ვაშოვნინოთ?! ამაში აზრს ვერ ვხედავ. მაგალითისთვის, მე რომ აშშ-ს მისამართით ცუდს ვამბობდე, ახლოსაც არ გავეკარებოდი ამ ქვეყანას. პუშკოვს სავსებით ვეთანხმები. რასაც ახლა ვაპირებთ, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა – რუსოფობ კულტურის მოღვაწეებს რუსეთში ფული არ უნდა ვაშოვნინოთ: სადაც ჭამენ, იქ არ ისაქმებენ.“

 

                                თარგმანი:       კონსტანტინე ჩიკვილაძე