„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ფარმაცევტული მსხვილი კომპანიები საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს ტოვებენ, ამის ძირითად მიზეზად მედიცინის მუშაკების არაეთიკური ქმედება სახელდება.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი „პრაიმტაიმს“ საქართველოდან კომპანიების გასვლისა და საკანონმდებლო დონეზე საჭირო ცვლილებების შესახებ ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა წარმომადგენლობა დახურა, ესენია: Glaxo, Sandoz, astellas pharma.
„ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ბაზრიდან გასვლა ხდება, როცა გარემო მიმზიდველი არ არის. ამას თავისი მიზეზები აქვს: არაეთიკურ საკონკურენციო გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს – რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ ამ კომპანიების წარმომადგენლები.
მსხვილი კომპანიებისთვის წარმოუდგენელია ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნა. ჯანდაცვის სპეციალისტების „დაინტერესება“ კომერციული ინტერესის შესაბამისად მათთვის მიუღებელია.
ცივილური ფარმაცევტული კომპანიები აწყობენ კონგრესებსა და კონფერენციებს, რომლებზეც თავიანთ წარმოებულ მედიკამენტებზე დეტალურ პრეზენტაციას აკეთებენ და საუბრობენ უახლეს მკურნალობის კურსებსა და გზებზე.
თუ ჯანდაცვის წარმომადგენლები ასეთ შეხვედრებს არ დაესწრებიან, უბრალოდ უწყვეტ ინფორმაციას პროფესიული კუთხით ვერ მიიღებენ.
პრობლემა ურთიერთობების დარეგულირებაში მდგომარეობს. ფარმაცევტული კომპანიისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების ურთიერთობა სახელმწიფო დონეზე, მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის კანონში ერთი ჩანაწერით შემოიფარგლება – არ შეიძლება მედიცინის მუშაკმა ისეთი ურთიერთობა დაამყაროს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელმაც შესაძლოა, პაციენტს ზარალი მიაყენოს.
ეს მცირე და ზოგადი ჩანაწერი, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. მეორე მიზეზი, 2009 წელს მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც, პარალელური იმპორტი ამოქმედდა. ამის დადებითი მხარე ის არის, რომ მედიკამენტებზე ფასების კლება მოხდა.
საუბრობენ, რომ თურქეთში წამლები იაფია. მომხმარებელი მხოლოდ ფასს უყურებს, მაგრამ სიღრმეებში თუ წავალთ, ისმის კითხვა – რატომ არის თურქეთში მედიკამენტები იაფი? იმიტომ, რომ თურქეთი წამლებს სახელმწიფოს დონეზე აფინანსებს, ხდება სუბსიდირება. ფარმაცევტები ახერხებენ ე.წ. შავი ხვრელებით პროგრამიდან წამლები ამოიღონ და გაყიდონ.
მეორე ფაქტორი, თურქეთმა ვალუტის კონვერტაცია დააფიქსირა და წამლების გაძვირება თავიდან აიცილა, ფასზე კომერციული კურსი დოლართან ან ევროსთან მიმართებაში, გავლენას ვერ ახდენს. ახლა, თურქეთთან საზღვარი პანდემიის გამო, დაკეტილია. აღარც საქართველოში აღარ არის ის მედიკამენტები, რომლებიც დისტრიბუტორებს ან ფიზიკურ პირებს თურქეთიდან შემოჰქონდათ და ზარალდება ავადმყოფი.
რაც შეეხება მედიცინის მუშაკებს, ფარმაცევტულმა კომპანიებმა შესაძლოა, დააფინანსონ წელიწადში ორჯერ კონფერენციები, ყოველთვიურად მათ ხელფასს ვერ გადაუხდის. ეს ყველაზე დიდი დარღვევაა.
პატარა კომპანიები არ ზარალდებიან, რადგან შიდა რეგულაცია არ აქვს. მსხვილი კომპანიები შიდა რეგულაციებით იმართება, სადაც ამოსავალი წერტილი ხარისხი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოა.
გავაკეთეთ კვლევა, როგორ ყიდულობს მომხმარებელი წამალს?! 58-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
პატარა კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ეთიკური ნორმების არ არსებობის გამო, ექიმი დააინტერესოს და დიდი კომპანიები ზარალდება, რადგან ეთიკური ნორმების ფარგლებში, ფულს სხვა მიმართულებით ხარჯავენ.
ამ ყველაფერში გამოსავალი კანონით დარეგულირებაში მდგომარეობს. პროექტებისა და რეკომენდაციების სახით, არაერთხელ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა სახელმწიფოს.
ჩვენი მთავარი აქცენტი არა ექიმზე, არამედ – კომპანიებზე გვაქვს, რომლებიც ექიმების დაბალი ხელფასით სარგებლობენ. გვაქვს იმედი, რომ ფარმაცევტული პროდუქციის ახალი კანონი გვექნება, რომელზეც ახლა, მუშაობა მიდის.“ – განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.
“პრაიმტაიმი”