კახა კალაძეს ვეპატიჟები “შარდის გზაზე” სასეირნოდ

რამდენიმე წელია, საქართველოში, მრავალ სხვა უცნაურ მოდასთან ერთად, გაჩნდა ახალი მოდა – საქალაქთაშორისო ტრასებზე და ქალაქების ფარგლებშიც ნახავთ ტრაფარეტებს წარწერით -“ღვინის გზა”.

სურათზე: “გმირები” მოდიან – მათ მიწისქვეშა გადასასვლელები აღარ აინტერესებთ, პიარი მიწის ზემოთ კეთდება!

ხშირად ეს წარწერები ისეთ ადგილებში გვხვდება, სადაც მაღალი დონის მეღვინეობა და ჩინებული ვენახები ნაკლებად არის მოსალოდნელი და, აქედან გამომდინარე, მართალი გითხრათ, საბოლოო ჯამში ვერ გავიგე, რას ნიშნავს “ღვინის გზა”.

სამაგიეროდ, თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს, ვეპატიჟები გზაზე, რომელსაც პირობითად “შარდის გზა” დავარქვი. განსხვავებით “ღვინის გზისაგან”, ამ ტერმინის გამოსაგონებლად დიდი “კრეატივის” ჩართვა არ დამჭირდა. თავად გარემო უბიძგებს ადამიანს, ასეთი სახელწოდება აჩუქოს მშობლიური თბილისის არაერთ ქუჩას; თუმცა მე, როგორც დიდუბეში დაბადების დღის შემდეგ მცხოვრები, სწორედ ამ რაიონის “შარდის გზაზე” მოგახსენებთ.

ვცხოვრობ იმ რაიონში, რომელსაც თბილისში ვერ-გარკვეული ადამიანები კრებითად “ქუთაისის ქუჩას” ეძახიან. ქუთაისის ქუჩა ოდნავ მოშორებითაა ჩემგან, დავით ყიფიანის (ყოფილი დიდუბის) ქუჩისგან. ეს ქუჩები ერთმანეთს იმით ჰგვანან, რომ აქ შემონახულია მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული ერთსართულიანი სახლები, ბარაკები, რომლებიც დიდწილად ავტომაღაზიებად არის გადაკეთებული. ავტომაღაზიები იმავდროულად ავტოსერვისის როლსაც ასრულებენ – პირდაპირ საფეხმავლო ტროტუარზე ცვლიან მანქანის სხვადასხვა დეტალს, მათ შორის, ძრავის ზეთებს, წუწავენ და ანაგვიანებენ იქაურობას, გზას უხერგავენ ფეხმავლებს. ეს ვითარება მუშტაიდის ბაღის ბოლომდე – ყოფილი ლუდის ქარხნის ჩასახვევამდე გრძელდება, სადაც ბაღში მიმავალი დედა, მცირეწლოვანი შვილით, მით უმეტეს, თუ ბავშვი “კალიასკაში” უზის, ვერასგზით ვერ გაივლის, რადგან მის წინაშე გადაულახავ ზღუდედ არის აღმართული კიდევ ერთი “ავტოსერვისი”, რომლის “მშრომელებს” ტუალეტიც არ გააჩნიათ და იქვე, ღობესთან იკმაყოფილებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს, იქვე სვამენ ლუდს. საამური სუნი დგება, ქალაქის მერს შეუძლია, იამაყოს – აქ იწყება “შარდის გზა” და მუშტაიდის ბაღის დასაწყისამდე, ცაბაძის (ყოფ. ტელმანის) ქუჩამდე გრძელდება.

როგორც ჩანს, მუშტაიდის ბაღის გასწვრივ ღობე და ბალახი ქალაქის მერის მოთხოვნის საფუძველზე თეთრად გადაღებილი ტაქსისტების მოდუნებას და ჭარბშარდიანობას იწვევს. იმავე დღეშია მოპირდაპირე მხარეს, “დინამოს” სტადიონთან მდებარე ლამაზი ძველი შენობა, რუსული “ოკუპაციის” დანატოვარი, რომელშიც მეაბრეშუმეობის მუზეუმია განთავსებული. მის წინ გაშლილი პატარა სკვერი “თეთრი ტაქსების” მძღოლების “კულტურული დასვენების” (ფეხს-) ალაგად არის გადაქცეული.

არადა, “დინამოსა” და წერეთლის გამზირის კუთხეში თეორიულად “ბიოტუალეტია” დამონტაჟებული – თეორიულად, რადგან, პრაქტიკულად არ მუშაობს; ამას წინათ დავინახე თბილისში ჩარჩენილი უცხოელი წყვილი, რომელთაც გულდასმით სცადეს, ლარიანის წყალობით გაეღოთ ბიოტუალეტის კარი, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ჩვენთან ტუალეტებიც ფასადურ ხასიათს ატარებენ.

თუკი ჩემი სეირნობის მარშრუტზე დამთანხმდებით, სტადიონის გარშემო წრეს დაგარტყმევინებთ (მუდმივად დაბინძურებულ წერეთლის ძეგლის მიმდებარე ბაღში, ბაზრობამდე, არ გადაგიყვანთ) და წერეთლის გამზირის მხრიდანაც იგრძნობთ შარდის მძაფრ სუნს, “ღვინის გზას” რომ დაგავიწყებთ, ისეთს. ამ საღამოს საოცრება იყო პირდაპირ, ოდნავ წამოწვიმა და, როგორც ერთ ძველ ფუნაგორიაშია – “ხომ გაგიგია, წვიმის შემდეგ, ერთხელ …-იც აყვავდებაო!” – აყვავდა ყველაფერი.

მეტრო “წერეთლის” თავზე მუდამ ნახავთ დაყრილ ნაგავს, რომელიც მომცრო ურნაში არასოდეს ეტევა; რაც ეტევა, იმას მაწანწალა ძაღლები ამოიღებენ ხოლმე. იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი პარკინგის ადგილი აქვს, თანამშრომლების მანქანების ნაწილი მაინც მეტროპოლიტიენის თავზე აქვს გაჩერებული…

მოკლედ, ბატონო კახა, ეს ერთი მარშრუტი გაგაცანით დიდუბეში, რომელიც “შარდის გზის” სახელწოდებას იმსახურებს. მუშტაიდის პარკში თქვენ, ბოლოს, ალბათ, 2017 წელს იყავით, როდესაც დიდუბელებს შეხვდით მერის არჩევნების წინ. გირჩევთ, კიდევ მობრძანდეთ და თქვენი თვალით და ცხვირით შეაფასოთ ყველაფერი.

ძალიან გამიხარდა, როდესაც, მერად არჩევის შემდეგ, პირველ რიგში, მიწისქვეშა გადასასვლელები მოინახულეთ და იქ გამეფებულ ანტისანიტარიასთან დაიწყეთ ბრძოლა. მაგრამ მერე შეჩერდით. თქვენმა “პიარშიკებმა” იაფფასიან პოპულისტობაზე დაგიყოლიეს. ვერაფერს ვიტყვი – ბნელ მასაზე ამან ერთი პერიოდი გავლენა იქონია; როდესაც თქვენმა დასუფთავების სამსახურმა ცენტრალურ ქუჩებზე, მანქანების სავალ ნაწილზე უაზრო “დეზინფექცია” ჩაატარა და ჩვენმა ჟურნალისტებმა ეს ქმედება გააკრიტიკეს, როგორც არაფრის მომცემი, თქვენი პარტაქტივის ქალბატონები აღშფოთდნენ და აიკლეს “ფეისბუკი”, როგორ თუ, ჩვენს “გმირ” დამსუფთავებლებს აკრიტიკებთო, ხალხმა კი გლდანში და კიდევ სადღაც, ტაში დაგიკრათ, ამერიკის საელჩომაც შეგაქოთ – აბა, როგორ გამოტოვებდნენ ამერიკელები ასეთ პროცესზე კონტროლის მოპოვებას…

ახლა კი მე ვარ გმირი, როდესაც დიდუბეში ჟანგბადის ბალონის გარეშე დავდივარ. ასე რომ, გელოდებით, გამოისეირნეთ.

 

გულბაათ რცხილაძე