რომელი ქართველი მოხვდება ფინეთში – რა განსაკუთრებულ პირობებს აწესებს ქვეყანა

საქართველოს მოქალაქეების ფინეთში ჩასვლის „წონადი“ მიზეზი მხოლოდ საქმიანი ვიზიტი ან განსაკუთრებული მიზანი შეიძლება იყოს.

 

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ფინეთი საქართველოსა და კიდევ 10 უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ნაწილობრივ 13 ივლისიდან გახსნის, აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„13 ივლისიდან ალჟირის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, რუანდის, სამხრეთ კორეის, საქართველოს, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაისა და ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ფინეთს ეწვიონ საქმიანი ვიზიტით ან სხვა მნიშვნელოვანი მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (THL) მონაცემებით, ფინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 2 769 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 42 ადამიანი.

გასულ კვირაში ვროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა.

საქართველოს გარდა, ევროკავშირის სიაში მოხვდნენ: კანადა, ავსტრალია, მაროკო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, რუანდა, ახალი ზელანდია, ტუნისი, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი და ჩინეთი. ამავდროულად, ჩინეთზე ვრცელდება პირობა, რომ მანაც უნდა გახსნას საზღვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, უნგრეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა.

თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საქართველომ საზღვრები 18 ქვეყნისთვის გახსნა, თუმცა, თითოეული მათგანისთვის დაწესებულია გარკვეული რეკომენდაციები და შეზღუდვები.

აღნიშნული წესები და პირობები დეტალურადაა გაწერილი მთავრობის განკარგულებაში, რომელიც ძალაში შევიდა 9 ივლისს, 24:00 საათიდან. ავიაბილეთების გაყიდვის პროტოკოლი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები უპირობოდ იხსნება, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოში გამომგზავრებამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელშიც მიუთითებენ მოგზაურობის ისტორიას ბოლო 14 დღის განმავლობაში, საქართველოში გაჩერების ადგილს და საკონტაქტო მონაცემებს.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის ნებართვას აძლევს რეზიდენტებს კიდევ 13 ქვეყნიდან – ესპანეთიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, ისლანდიიდან და კვიპროსიდან. თუმცა, მათთვის სავალდებულო იქნება ორკვირიანი კარანტინი, თანაც საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის 14-დღიანი კარანტინი კვლავ სავალდებულოა, ამ შემთხვევაში ხარჯს სახელმწიფო ანაზღაურებს.

იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველო საზღვრებს უხსნის, გადაიხედება და განახლდება ორ კვირაში ერთხელ.

“სპუტნიკ-ჯორჯია”