უცნობი და უფრო საშიში პნევმონია ყაზახეთში: ჯანმო მუდმივ კონტაქტზეა

მანამდე ჩინეთის საელჩომ ყაზახეთში გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანაში უცნობი და კიდევ უფრო სასიკვდილო პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობა 500 კაცს აღწევს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონტაქტშია ყაზახეთის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ჩინეთის საელჩომ ქვეყანაში სასიკვდილო პნევმონიის უცნობი სახეობის თაობაზე განცხადება გაავრცელა, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს ჯანმოს წარმომადგენელმა.

მანამდე ჩინეთის საელჩომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ყაზახეთში უცნობი პნევმონიის გავრცელების გამო, რომლის სიკვდილიანობის დონე მნიშვნელოვნად აღემატება COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

„არსებობს პნევმონიის წარმოშობის უამრავი შესაძლო ახსნა, რომელთაგან ერთ-ერთი — COVID-19-ია, რომელიც ყაზახეთში ვრცელდება. ბოლო კვირაში ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19-ის 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა ლაბორატორიულად“, — აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სოციალური დისტანცირების რიგი ზომები დააწესა.

„ამ დროისათვის ჩვენ კონტაქტში ვართ ყაზახეთის ხელისუფლებასთან, რათა სიტუაციის კურსში ვიყოთ და აუცილებელი დახმარება გავუწიოთ“, — განმარტა მან.

ამ დროისათვის ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 750 კაცს აღწევს. აქედან განიკურნა 31,8 ათასი და გარდაიცვალა 264 ადამიანი. 5 ივლისიდან ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.

“სპუტნიკ-ჯორჯია”